ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა და ამას არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება - ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა აქვს, მეტ-ნაკლებად დაიწყოს დიალოგის პროცესი და გარკვეული ნაბიჯები გამოასწოროს, „გააუქმოს დრაკონული და რეპრესიული კანონები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები“.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მოსაზრება აღარ არის და სახელები აქვს დარქმეული.
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული დასკვნა ასახავს ფაქტების ერთობლიობას, რომელსაც ვაკვირდებით ბოლო 2-3 წელია. რეკომენდაციებიც არის ისეთი, როგორიც აუცილებელია, რომ სურათი შეიცვალოს. დასკვნა ძალიან მკაცრია. შესაძლოა კრიტიკული იყო ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და შეფასებები, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო იყო ძალიან მოწინავე დემოკრატიული გარდაქმნების თვალსაზრისით ძალიან ბევრი ეტაპის განმავლობაში, აქამდე რომ მივიდა და აქამდე ჩამოიშალა საქართველოს სახელმწიფო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ძალიან მძიმეა. ამას ძალიან არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება, რომლის პასუხებიც ანგარიშზე არაადეკვატურია - პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა.
კრიტიკულ სიტუაციებში გამოიყენება ეს მექანიზმი, რომელიც ქმნის ობიექტურ ექსპერტულ დასკვნას, რომელიც დიდწილად სარეკომენდაციოა, სარეკომენდაციო ქვეყნისთვის და აძლევს შანსს, რომ თუ ამას გამოასწორებ დაბრუნდები ნორმალურ მდგომარეობაში, ხოლო არ გამოსწორების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს, ფართო საზოგადოებაში აძლევს ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციას, რომ გადაიდგას კონკრეტული და მძიმე ნაბიჯი. ვინ როგორ გამოიყენებს, ჯერ არ ვიცით.
როდესაც ევროკავშირის ასეთი მომწიფებული მწვავე რეაქციებია, ბრიტანეთში დაწყებულია სანქციების განხილვა და ნაბიჯები გადადგმულია, აშშ-დან სანქციებია, ეს რეკომენდაციების პაკეტი, იძლევა საშუალებას, გამოყენებული იყოს სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, როგორც მტკიცებულებები“, - აღნიშნავს ცქიტიშვილი.
რაც შეეხება დიპლომატებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დამოკიდებულებას, ცქიტიშვილის შეფასებით, ის ფორმები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ელჩებთან, მიუღებელია.
„ელჩების მიმართ კრიტიკა ჩვეულებრივი ამბავია და ნებისმიერ ელჩს თუ აქვს გადაცდომა, შესაძლებელია, მაგრამ ფორმები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია მიუღებელია. გერმანიის ელჩის ქმედებებს არ ვეძახი გადაჭარბებას, ის ცალსახად მოქმედებს იმ ინტერესებში, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ უნდა ჰქონდეს. ის არ არის მხოლოდ დაბალი ღობე, მიზანმიმართული კამპანიაა მის მიმართ, რომ განსაკუთრებული დისკომფორტი შეუქმნან და აიძულონ ქვეყნიდან წავიდეს. თუ შეიძლება რაიმე არ მოგწონდეს, ამას აქვს ფორმები, ეთიკა და დიპლომატიური ეტიკეტი. ამათ ეს დაკარგული აქვთ“, - აღნიშნავს ცქიტიშვილი.
ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი“ (TFI), „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „გრანტების შესახებ კანონში“ უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.