დღეს „ოცნების“ მხრიდან დიალოგის წინაპირობა ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა გიგა ფარულავამ „ლელოს“ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, საჭიროა, რომ „ლელო“ თავის განცხადებაში უფრო მკაფიო იყოს.
„რაც შეეხება „ლელოს“ განცხადებას, ვფიქრობთ, რომ მეტი მკაფიოობა არის საჭირო, ვისთან, რა საკითხებზე, რა პოზიციიდან, ვისი მედიაციის საშუალებით მოხდეს დიალოგი. დღეს „ოცნების“ მხრიდან დიალოგის წინაპირობა ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. დიალოგი აუცილებლად იქნება, მაგრამ სწორ დროს, სწორი აქტორების ჩართულობით და რა თქმა უნდა, ხალხის, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ფარულავამ.
მისი განმარტებით, დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან დიალოგის არანაირი წინაპირობა არ ჩანს.
„ოპოზიციამაც და პოზიციამაც ყველა მხარეს უნდა გაუსწოროს თვალი. „ლელოს“ განცხადებას მეტი მკაფიოობა სჭირდება და არა ზოგადად, მოწოდება მხარეებს დიალოგისკენ. დიალოგი საჭიროა, მაგრამ მკაფიო უნდა იყოს, მაშინ დადონ კონკრეტული გეგმა. არსებულ რეალობაში დიალოგი გარდაუვალია, მაგრამ დიალოგი უნდა იყოს სწორ დროს, სწორი აქტორების ჩართულობით, რომ კიდევ მეტი სიმკვეთრე შესძინონ ამ განცხადებას“, - განაცხადა ფარულავამ და აღნიშნა: „სამწუხაროა, რომ „ლელომ“ საპარლამენტო მანდატები დათმო“.
ცნობისთვის, “ლელო - ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.როგორც “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გუშინ, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.