ფასდაკლების სიღრმეც, ინტენსივობაც, რა წილი გაიყიდება ფასდაკლებებში და იქნება თუ არა თვითღირებულებაზე ნაკლები, ძალიან განსხვავებულია პროდუქტების მიხედვით, - ამის შესახებ „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მან ფასდაკლებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ხშირად სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც იყიდება, რადგან მომხმარებლებს მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ პროდუქტებზე.
„როგორც წესი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები იყიდება მინიმალური მარგინალობით და ხშირად ზარალითაც, შესაძლებელია თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც გაიყიდოს, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური წვდომა ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტებზე. არის კატეგორიები, სადაც პრომოს წილი ძალიან მაღალია, შეიძლება ითქვას, უმეტესი ნაწილი პრომოში იყიდება და არის კატეგორიები, სადაც პრომოს მიმართ ელასტიურობა მინიმალურია და არ იყიდება, ამიტომ, ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიების მიხედვით.
ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად იქნას შეძენილი. ჯგუფდება ცილები, ცხიმები და ასე შემდეგ. ყველა კატეგორიაში თითქმის ყოველთვის გარკვეული აქცია არის“, - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.