„ლელო“ ის პარტიაა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს კონსტიტუციას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
გორდულაძის განმარტებით, „ლელოსთან“ დიალოგზე საუბარი არ არის.
„ეს არის კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირში მყოფი პოლიტიკური პარტია, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით მომზადებული იქნა სარჩელი და მივმართეთ კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოს. ახლა მათი პატრონების მცდელობები, რომ რაღაც გაერთიანება შექმნან, სადაც არ შევლენ „ლელოები“ და გახარიები, „ნაცები“ და ფიქრობენ, გადაარჩენენ „ლელოს და გახარიებს“ და ჩამორეცხენ იმ უდიდეს დანაშაულებს, რომელიც მათ აერთიანებთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რა თქმა უნდა, კრახისკენ არის მიმართული. როდესაც ქართველი ხალხის უზენაეს გადაწყვეტილებას და დემოკრატიულ საფუძვლებს არ ცნობს პარტია, რა დიალოგზე შეიძლება აქ საუბარი იყოს“, - განაცხადა გორდულაძემ.
კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც, მათ ხელისუფლებასთან დიალოგი მხოლოდ ხელისუფლების გადაბარებაზე ექნებათ, გორდულაძე პასუხობს, რომ „ეს არ გამოვა“.
„როგორც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მათი პატრონები, ერთ მარტივ რამეს ამბობენ, ჩვენ დემოკრატიული პროცესებით, არჩევნების შედეგად ვერ ვცვლით „ქართულ ოცნებასო“. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონ ვთქვათ უარი ქართველი ხალხის მომსახურებაზე და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პატრონებს დავემორჩილოთ და ხელისუფლება გადავაბაროთ. დიახაც, ეს არის ყველაზე არადემოკრატიული, რაც შეიძლება ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა გააკეთოს, რაც რა თქმა უნდა, არ გამოვა. ნებისმიერი სხვა მოცემულობა, დამოკიდებულება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაა, საზოგადოებაში ისე წარმოაჩინონ, თითქოს, დაპირისპირება არსებობს მათსა და „ლელო-ნაცებს“ შორის, ან მათსა და გახრაია-„ნაცებს“ შორის, რომ როგორმე საზოგადოება მოატყუონ და ჰქონდეთ მცირე შესაძლებლობა მაინც, რომ ხელისუფლებში მოვიდნენ“, - განაცხადა გორდულაძემ.