პროცესზე ვიხილეთ სხვადასხვა ჩანაწერი და ჩანდა, რომ ბრალდებულები სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხა ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის დამთვალიერებელი გამომძიებელი, რომელმაც აღწერა და დააფიქსირა დაზიანებული ობიექტები.
„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოიკვლია ვიდეო-მტკიცებულებები, მათ შორის დაიკითხა შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელი გამომძიებელი. ვიდეო-ჩანაწერები ასახავდა 4 ოქტომბერს, ათონელის რეზიდენციის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და რამდენიმე ბრალდებულის იდენტიფიცირება მოხდა. მოწმეს დათვალიერების ოქმში ჰქონდა მითითებული, რომ გარე სამეთვალყურეო კამერები მიმართული იყო ზოგი ზემოთ, ცისკენ, ზოგი მიწისკენ დახრილი ისე, რომ პირების იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლეოდა. გამომძიებელმა ისაუბრა დაზიანებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამოღებულ ფილაქნებსა და ნამწვავებზე. აღნიშნულ გამომძიებელს [მოწმეს] ევალებოდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ვითარების დაფიქსირება მოეხდინა. პროცესზე ვიხილეთ სხვადასხვა ჩანაწერი და ჩანდა, რომ ბრალდებულები სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მეთოდებით. ყველა ბრალდებულთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი ვიდეო-ჩანაწერები",- განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.