ეს არის კრიმინალების განცხადება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რა მიმართულებითაც იმუშავებენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან „მთლიანად დისკრედიტირებულია“.
„თქვენ იცით, რით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და რით გამოირჩევიან ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში.
როდესაც საუბარია ძალადობაზე, თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა მედიასაშუალებებზე, თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა 26 მაისს, როდესაც მშვიდობიან შეკრებას შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე და ახლა ეს კრიმინალები, ეს დამნაშავეები,რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიების 20% გადააბარეს, საუბრობენ ასეთ რაღაცებზე. კრიმინალს გამოუტანა განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში. ქართულის საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს.
რაც შეეხება მათ გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია ოპოზიცია, შესაბამისად, შეუძლიათ გააკეთონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.