ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - ინციდენტები მოხდა და ძალიან მძიმეა, „წამება“ არის ტყუილი - შეიძლება მიეცეს არაჰუმანური მოპყრობის, დანაშაულის, გადაცდომის კვალიფიკაცია - ამოიღეთ კადრი, სადაც ნომრით იდენტიფიცირებადი პირია, მიმართეთ გამოძიებას და მიიღებთ პასუხს

ვახტანგ გომელაურს, გდდ-ს ხელმძღვანელობას, სხვა თანამდებობის პირებს საჯაროდ გამოვუცხადეთ მადლობა და დავაჯილდოვეთ სახელმწიფო ჯილდოებით - გამოვიტანეთ დასკვნები იმ ძალიან მძიმე ინციდენტებიდან, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ არამარტო დავგმეთ ქმედებები ზეპირსიტყვიერად, არამედ კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ შსს-ში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას სიტყვა „საკადრო“ არ უხსენებია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ გულისხმობდა საკადრო ცვლილებებსაც.

„მე სიტყვა „საკადრო“ არ მიხსენებია ბრიფინგის ტექსტში. ვთქვი, ცვლილებები სამინისტროს სისტემაში. შეიძლება ამაში იგულისხმებოდა საკადროც, უბრალოდ არ მიხსენებია სიტყვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ვგულისხმობდი საკადრო ცვლილებებსაც. რაც შეეხება საერთო მოცემულობას, რა მოხდა გასული წლების განმავლობაში - ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა და იცით, რომ ჩვენ ამ ადამიანებს, მათ შორის ბატონ ვახტანგ გომელაურს, გდდ-ს ხელმძღვანელობას, სხვა თანამდებობის პირებს საჯაროდ გამოვუცხადეთ მადლობა და დავაჯილდოვეთ სახელმწიფო ჯილდოებით. დღესაც შემიძლია გავიმეორო ეს მადლობა და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ისინი იმსახურებდნენ ამ ჯილდოებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ ქვეყანას თავიდან აარიდეს რამდენჯერმე ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივი მცდელობა, მათ დაიცვეს სახელმწიფო ინტერესები. ამასთან ერთად, იყო არაერთი ინციდენტი, ძალიან მძიმე ინციდენტი, მათ შორის კონკრეტული ინციდენტები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ამ ყველაფერმა მიგვაღებინა ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ სამინისტროს სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რაც ვიხილეთ გასულ წელს, 4 ოქტომბერს. აქაც გამოწვევები ნაკლები არ იყო, ძალიან მძიმე გამოწვევები იყო. პირდაპირ იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, დაანონსებული იყო ძალადობის გამოხატულება, გამოვლინება, თუმცა ისე იმოქმედა შსს-მ, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები იმ ძალიან მძიმე ინციდენტებიდან, რომლებიც ვიხილეთ, საჯარო სივრცეში იყო გავრცელებული, მათ შორის კადრები კონკრეტულ ახალგაზრდაზე, ჟურნალისტზე, პოლიტიკოსზე ძალადობასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ არამარტო დავგმეთ ეს ქმედებები ზეპირსიტყვიერად, არამედ კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, რა თქმა უნდა, შსს-ს და გდდ-ს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კონკრეტული ფოტოები თავადაც აქვს ნანახი.

„კონკრეტული ფოტოები მეც მაქვს ნანახი და ეს ფოტოები, ჩვენთვის არის დასტური იმისა, რომ ის ინციდენტები მოხდა, რასაც ვსაუბრობთ და ძალიან მძიმეა. სიტყვა „წამება“ არის ტყუილი. [წამება] არის ის, რასაც თქვენ აკეთებდით 2012 წლამდე ციხეებში და ციხეებს გარეთ. თქვენი პარტია მაგას აკეთებდა ზუსტად, წამებას ციხეებში და ციხეებს გარეთ. თქვენ ამ პარტიის ინტერესებს გამოხატავთ დღეს.

რაც შეეხება იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ, ამას შეიძლება მიეცეს არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაცია, შეიძლება მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია, გადაცდომის კვალიფიკაცია, სხვადასხვა კვალიფიკაცია, მაგრამ წამება არის სხვა რამე. წამება არის ტყუილი“, - უთხრა ჟურნალისტს ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიებას უნდა მიმართოს კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა კონკრეტულ ქმედებებში ჩართული პირების იდენტიფიცირება.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტის რეპლიკას, რომლის თანახმად, არსებობს კადრები, თუ როგორ შეჰყავთ სპეცრაზმის კორდონში მოქალაქეები და როგორ ძალადობს სპეცრაზმი მათზე.

„თქვენ ამოიღეთ კადრი, სადაც არის ნომრით იდენტიფიცირებადი პირი, მიმართეთ გამოძიებას და მიიღებთ პასუხს. მიმართეთ გამოძიებას. თქვენ თუ გაქვთ შესაბამისი მასალები, სადაც ჩანს დანაშაულებრივი ქმედება და სადაც ჩანს ნომერი, მიმართეთ გამოძიებას და მიიღებთ რეაგირებას“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა