არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უპასუხისმგებლო თავდასხმებს, პროფესიონალიზმით, სიმტკიცითა და სრული ეროვნული მზაობით უპასუხა. არაბთა გაერთიანებული საამიროები მოითხოვს აღნიშნული თავდასხმების დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას. ამავდროულად, იტოვებს სრულ უფლებას, უპასუხოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა აჰმედ ალნუაიმიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრიორიტეტი ნათელია: დავიცვათ მოქალაქეების, რეზიდენტებისა და ვიზიტორების უსაფრთხოება.
როგორ პასუხობს არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვა ირანის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებს? რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა მოგზაურთათვის და როგორ აფასებს ელჩი კონფლიქტის გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე- ვრცლად ინტერვიუში:
პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რა არის არაბთა გაერთიანებული საამიროების პოზიცია ომთან მიმართებით, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობა მოიცვა?
არაბთა გაერთიანებული საამიროები მკაცრად გმობს ირანის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რეგიონის ბევრ ქვეყანაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელებულ თავდასხმას. არაბთა გაერთიანებული საამიროები კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას თავდასხმების შედეგად დაზარალებული რეგიონის ქვეყნების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევა უქმნის პირდაპირ საფრთხეს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
შესაბამისად, არაბთა გაერთიანებული საამიროები მიესალმება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 2817-ის მიღებას, რომელიც მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროების, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი სახელმწიფოებისა და იორდანიის წინააღმდეგ განხორციელებულ არაპროვოცირებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს და ირანს ამ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამ ისტორიული რეზოლუციის მიღება თანადაფინანსებულია 136 ქვეყნის მიერ და წარმოადგენს ცხად, ერთობლივ გზავნილს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იქნება ტოლერანტული ჩვენს სუვერენიტეტზე, ასევე, სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმების მიმართ.
რეზოლუცია მოუწოდებს ირანს, სრულად დაემორჩილოს საერთაშორისო წესით არსებულ ვალდებულებებს, კერძოდ იმ ვალდებულებებს, რომელიც ეხება სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ობიექტების დაცვას შეიარაღებულ კონფლიქტში და ამასთან, თავი შეიკავოს ნებისმიერი მუქარისა თუ ქმედებისგან, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას, ნავიგაციის თავისუფლებას და გლობალური ეკონომიკის უსაფრთხოებას.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უპასუხისმგებლო თავდასხმებს, პროფესიონალიზმით, სიმტკიცითა და სრული ეროვნული მზაობით უპასუხა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით გაშვებული 1909-ზე მეტი რაკეტიდან და დრონიდან უდიდესი უმრავლესობა წარმატებით ჩაჭრა, რაც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების სიძლიერესა და დახვეწილობას ასახავს.
ჩვენი პრიორიტეტი ცხადია: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების, რეზიდენტებისა და ვიზიტორების უსაფრთხოება. ეროვნული ინსტიტუტები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე მოქმედებენ და ხელისუფლება 24 საათის განმავლობაში მუშაობს ქვეყნის მასშტაბით სტაბილურობისა და უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. ამავდროულად, არაბთა გაერთიანებული საამიროები უარყოფს ნებისმიერ გამართლებას ან საბაბს, რომელიც ირანმა რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმისთვის წამოაყენა. ეს თავდასხმები საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები მოითხოვს აღნიშნული თავდასხმების დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას. შემდგომი ესკალაციის პრევენცია პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ამავდროულად, არაბთა გაერთიანებული საამიროები იტოვებს სრულ უფლებას უპასუხოს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად.
არსებული ცნობებით, ირანის თავდასხმების სამიზნე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მათ შორის სასტუმროებიც აღმოჩნდა. თუ არის დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა დაზუსტებული და ამასთან, როგორია თქვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის პასუხი თავდასხმებზე?
როდესაც ასობით რაკეტა და დრონი არის გაშვებული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო ობიექტების მისამართით, მათ შორის აეროპორტების, პორტების, ტურისტული ობიექტების, წყლის გამტკნარების ქარხნების და საცხოვრებელი შენობების მიმართულებით, ნამსხვრევების ნაწილი სამწუხაროდ შეიძლება ჩამოვარდეს, მიუხედავად თავდასხმის წარმატებული ჩაჭრისა. საუბედუროდ, ირანული თავდასხმები ექვს შემთხვევაში ფატალურად დასრულდა, 141 ადამიანი კი დაშავებულია. არაბთა გაერთიანებული საამიროები გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი სრულ და უსწრაფეს გამოჯანმრთელებას უსურვებს. ჩვენმა პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანიმ პირადად მოინახულა დაშავებულთა ნაწილი კლინიკებში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი ეროვნული ძალისხმევის ცენტრშია. აღნიშნული თავდასხმებს ფონზეც კი უსაფრთხოების მდგომარეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ეროვნული ინსტიტუტები მზაობის უმაღლეს დონეზე მუშაობენ და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების რეზიდენტებისა და ვიზიტორების უსაფრთხოება ჩვენი უპირატესი საზრუნავია. არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემამ მაღალი ეფექტურობით უპასუხა სარაკეტო თავდასხმისა და საჰაერო საფრთხეების უდიდეს უმრავლესობას და ისინი სამიზნის მიღწევამდე ჩაჭრა. ეს მაჩვენებელი ასახავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტეგრირებული მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემების ტექნოლოგიურ დახვეწილობას და მაღალ ოპერატიულ შესაძლებლობებს, რომლებიც აერთიანებს შორ, საშუალო და მოკლე რადიუსის სისტემებს საჰაერო საფრთხეების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და უზრუნველყოფს ეროვნული საჰაერო სივრცისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველ დაფარვას.
არაბთა გაერთიანებული საამიროები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სრულად მზადაა ნებისმიერ საფრთხესთან გასამკლავებლად და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაუპირისპირდეს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შელახვას.
რამდენი საჰაერო თავდასხმის ჩაჭრა შეძლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კონფლიქტის დაწყების მომენტიდან, ვგულისხმობ როგორც ბალისტიკური რაკეტებით, ასევე დრონებით თავდასხმას?
ირანის არაპროვოცირებული თავდასხმების დაწყების მომენტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროები საჰაერო საფრთხეების უპრეცედენტო რაოდენობის წინაშე აღმოჩნდა - 1909-ზე მეტი რაკეტა და დრონი.
ჯამში 294 ბალისტიკური რაკეტისა და 1600 დრონის დაფიქსირება მოხდა, რომელთა უდიდესი უმრავლესობა არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. შეზღუდული რაოდენობა ჩამოვარდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე და ძირითადად უმნიშვნელო მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ეს შედეგი აჩვენებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტეგრირებული მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის მოწინავე ტექნოლოგიურ და მაღალ ოპერატიულ მზადყოფნას, რაც აერთიანებს შორ, საშუალო და მოკლე რადიუსის სისტემებს საჰაერო საფრთხეების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და უზრუნველყოფს ეროვნული საჰაერო სივრცისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველ დაფარვას.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ხაზგასმით აცხადებს, რომ არ ესწრაფვის კონფლიქტში ან ესკალაციაში ჩართვას. თუმცა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა თავისი სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და უზრუნველყოს თავისი მოქალაქეებისა და მცხოვრებლების უსაფრთხოება, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად.
ვიცით, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე ბევრი რეისი გადაიდო, ბევრმა რეისმა საჰაერო მარშრუტი შეიცვალა. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა ვითარებაა ამ მიმართულებით და რამდენად უსაფრთხოდ აფასებთ შექმნილ სიტუაციას მოგზაურთათვის?
არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ქვეყანა, სადაც 200-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს მშვიდად, უსაფრთხოდ და ჰარმონიულად, და სწორედ ეს ღიაობისა და სტაბილურობის სულისკვეთება განსაზღვრავს ქვეყანას დღესაც.
მოგზაურთა უსაფრთხოება არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად რჩება. რეგიონული დაძაბულობის პერიოდებში საავიაციო ხელისუფლებებმა შესაძლოა დროებით შეცვალონ ფრენების მარშრუტები ან განრიგი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე და ეს ერთეულ შემთხვევებში უკვე მოხდა კიდეც.
ქვეყნის მასშტაბით აეროპორტები კვლავ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურება ჯერ სრულად არ დაბრუნებულა ჩვეულ რეჟიმში, ფრენები უკვე სრულდება და საავიაციო სექტორი აქტიურად მუშაობს. მხოლოდ 1-დან 12 მარტის ჩათვლით, არაბთა გაერთიანებული საამიროების აეროპორტებმა დაახლოებით 1.4 მილიონი მგზავრის მომსახურების შესახებ განაცხადეს, მათ შორის იყვნენ როგორც ქვეყნის მცხოვრებლები, ისე ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან ან ქვეყნიდან მიემგზავრებიან.
15 000-ზე მეტი დროებითი ვიზა გაიცა, რათა მგზავრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ უსაფრთხოდ დარჩნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მანამდე, სანამ გამგზავრების შესაძლებლობა მიეცემათ. ასევე, სასტუმროებს ეთხოვათ, საჭიროების შემთხვევაში სტუმრებს გაუხანგრძლივონ დარჩენა, ხოლო ხელისუფლება კოორდინაციას უწევს საცხოვრებლის, ლოჯისტიკური მხარდაჭერისა და მოგზაურობის ორგანიზების საკითხებს.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სწრაფად მოახერხა ადაპტაცია, რათა უზრუნველყოს აუცილებელი სერვისების უწყვეტობა. საავიაციო ოპერაციები მიმდინარეობს საერთაშორისო უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, ხოლო ქვეყანა სრულად არის კონცენტრირებული ყველა მოგზაურის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტურისტული მიმართულებაა. კონფლიქტს საგრძნობი გავლენა აქვს ტურიზმზე?
არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული სექტორი ნორმალურად და ეფექტურად ოპერირებს. ქვეყნის მასშტაბით 1260-ზე მეტი სასტუმრო, ტურიზმთან დაკავშირებული დაახლოებით 40 ათასი კომპანია, კურორტი, ატრაქცია და შოპინგ ცენტრი ღიაა ვიზიტორებისთვის და ოპერირებს უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით.
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურთა შეზღუდულ რაოდენობას ფრენების განრიგის ცვლილებების გამო დროებითი შეფერხებები შეექმნა, ამან გავლენა არ მოახდინა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ტურიზმის სექტორის საერთო ფუნქციონირებაზე. ხელისუფლება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ იმისთვის, რათა ყველა ვიზიტორს მიეღო საჭირო მხარდაჭერა.
აუცილებელი სერვისები - მათ შორის, ენერგეტიკა, წყალი, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და მიწოდების ჯაჭვი ნორმალურად ოპერირებას აგრძელებს. ეკონომიკისა და ტურიზმის სამინისტრომ ვიზიტორები დაარწმუნა, რომ სექტორი სრულად ფუნქციონირებს და უახლოეს დღეებში, საჰაერო სივრცის ხელმისაწვდომობისა და ოპერაციული მოთხოვნების გათვალისწინებით, გლობალური ქსელის 100 პროცენტის აღდგენას ელის. არაბთა გაერთიანებული საამიროები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უსაფრთხო დანიშნულების ადგილად რჩება.
ომს ხშირად საკმაოდ მძიმე ეკონომიკური გავლენა აქვს. რას იტყვით, თქვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე და ზოგადად როგორი შეიძლება იყოს მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკური ეფექტი მთელ მსოფლიოზე?
არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკა კვლავ აჩვენებს მდგრადობას, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური დივერსიფიკაცია, ღიაობა და პროაქტიული პოლიტიკის ჩარჩოები. ქვეყანამ დანერგა მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკური სტრატეგიები, რაც აძლიერებს მის შესაძლებლობას გაუმკლავდეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გააძლიერა ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზრებთან და შექმნა ბიზნესგარემო, რომელიც გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად ითვლება.
ეროვნული მიწოდების ჯაჭვები და ლოჯისტიკური სისტემები შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორი კვლავ ძალიან მდგრადია — კაპიტალის ადეკვატურობისა და ლიკვიდურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო სექტორის მთლიანი აქტივები 5.42 ტრილიონ დირჰამს აღემატება, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას და მხარს უჭერს შიდა ეკონომიკურ აქტივობას.
ინვესტორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გზავნილი ნათელია: არაბთა გაერთიანებული საამიროები რჩება სტაბილურ, მდგრად და ბიზნესისთვის ღია ქვეყნად.
ამავე დროს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შემცირდეს რისკები და თავიდან იქნას აცილებული მცდარი გათვლები, რადგან ესკალაციის ფასი ძალიან მაღალი იქნება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ისე ეკონომიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.
(R)