როგორც “მოსკოვის მექანიზმი“ არ ცვლის არაფერს ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საერთოდ არ არის საინტერესო ჰააგის ტრიბუნალის საკითხი - უბრალოდ რელევანტური და აქტუალური არ არის! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალზე შესაძლოა კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
კიდევ ერთ კითხვაზე, ხომ არა გავა საქართველო რომის ხელშეკრულებიდან, კობახიძემ განაცხადა, რომ “არაფრიდან გასვლას არ ვაპირებთ და რომის ხელშეკრულებაში მშვენივრად ვართ“.
კობახიძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ უწყვეტი დემოკრატიული წინსვლა აქვს და “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ ქვეყნებზე ბევრად უფრო დემოკრატიულია.
“გიდასტურებთ, რომ საქართველო არის რომის სტატუსის მონაწილე ქვეყანა. ბევრი რამის წევრი ქვეყანა ვართ, მათ შორის ვართ ეუთოს წევრი ქვეყანა და ხედავთ, რომ სრულიად არაობიექტური დასკვნა დაიდო. ერთი მეორესთან კავშირში არ არის. ჩვენ ისე ვიმოქმედებთ როგორც ეს ქვეყნის ინტერესებს და ობიექტურ სინამდვილეს შეესაბამება. მთავარი არის ის, თუ რა არის ობიექტური სინამდვილე - მაგალითად გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა თუ დემოკრატიული წინსვლა. ტყუილია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა აქვს და ამას საზოგადოება ხედავს.
საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც 2012 წლის შემდეგ უწყვეტი დემოკრატიული წინსვლა აქვს, მათ შორის არის იმ ქვეყნებზე ბევრად უფრო დემოკრატიული, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს. მე შემიძლია რამდენიმე ქვეყანა ჩამოვთვალო, რომელიც დემოკრატიულობის კუთხით კატასტროფის ზღვარზეა და ისინი აინიცირებენ საქართველოს წინააღმდეგ “მოსკოვის მექანიზმს“. დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სცადა, რომ მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გაეთელა, “მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა, სადაც საუბარია მედიის თავისუფლებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.