„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, „ლელოს“ განცხადება დიალოგთან დაკავშირებით, პირველ რიგში მათი ამომრჩევლისთვის იყო მიმართული და მიზნად კრიზისიდან გამოსვლის გზების ჩვენებას ისახავდა.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
ჩიხრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება ყველა პოლიტიკური ძალის ვალდებულებაა. მისი განცხადებით, გამოსავალი დამოკიდებულია იმაზე, გადადგამს თუ არა შესაბამის ნაბიჯებს მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“.
„ჩვენი გუშინდელი პოზიცია იყო განაცხადი ჩვენი ამომრჩევლისთვის და არა კონკრეტულად ვინმესთვის შეთავაზება. როდესაც ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, ამაზე დიდი წინაპირობა, რა არსებობს?! საერთოდ რაში მდგომარეობს პოლიტიკოსების არსი, პარტიული ინტერესები და ხელისუფლებაში ყოფნის არსი თუ არ შეგიძლია კრიზისულ სიტუაციაში ადეკვატურად მოიქცე. როდესაც ბევრ ადგილას ცეცხლი გიზგიზებს, როდესაც ქვეყანაში ურთულესი ვითარებაა, ამ მძიმე ტურბულაციურ სიტუაციაში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რამე თუ საფრთხე გაჩნდა, საქართველოს ნორმალური მოკავშირე არ ჰყავს. ქვეყნის შიგნით რისი იმედი უნდა გვქონდეს - გამართული სტრუქტურები გაგვაჩნია თუ თავდაცვის სისტემის იმედი უნდა გვქონდეს?
კრიზისის შექმნის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე. კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძებნა, არის ყველას ვალდებულება. ამ შემთხვევაში ვუთხარით ჩვენს ამომრჩეველს და ზოგადად ქართულ საზოგადოებას, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა არსებობს და ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული ნაბიჯი გადადგას“,- განაცხადა ჩიხრაძემ.
ჩიხრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სწრაფი კრიტიკული რეაქციები გაუკვირდა, რადგან „ლელოს“ მიერ შეთავაზებული გზები, მისი თქმით, საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია განიხილება.
„მესმის „ქართული ოცნება“ რა გზას ადგას. მას უნდა, რომ თავი ყინჩად წარმოადგინოს, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვერ არიან ყინჩად, რადგან მათ გარშემო სიტუაცია ძალიან ვიწროვდება. ცოტა გამიკვირდა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სწრაფად გაკეთებული განცხადებების, რადგან ჩვენს გუშინდელ განაცხადში თუ როგორ ვხედავთ კრიზისიდან გამოსვლას, არაფერი განსხვავებული არ არის იმისგან, რასაც მთელი საზოგადოება ამდენი ხანია ლაპარაკობს“, -განაცხადა ჩიხრაძემ.
პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა დადგეს „დიალოგის იძულების“ ეტაპიც და მმართველ პარტიას საბოლოოდ მოუწიოს დიალოგზე დათანხმება.
„დიალოგის იძულებაც არსებობს. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ადრე თუ გვიან დიალოგის იძულებით გზაზე დადგომა“,- დასძინა ჩიხრაძემ.
მან განმარტა, რომ „აგრესიული ტონი“ ხელისუფლებისგან გასაგებია, თუმცა საზოგადოების სხვა ნაწილის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება გაუგებარია.
მისივე თქმით, „ლელო“ მიიჩნევს, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მთავარი გზაა.
„აგრესია მესმის „ქართული ოცნებისგან“, რადგან ის აგრესიით ცოცხლობს, მაგრამ არ ამესმის დანარჩენი საზოგადოების. ვწუხვარ თუ ვინმეს, ვინც გულწრფელად არის პროტესტში ჩართული, მათ რაღაც შიში თუ გაუჩნდათ. ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმიც“ მაშველი რგოლი გამოდის, რადგან დიალოგზე საუბრობს.
აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ყველამ საზოგადოებას შევთავაზოთ სწორი გამოსავალი. „ლელო“ თვლის, რომ სწორი გამოსავალი, სწორედ არის ის, რომ გადავდგათ სწორი ნაბიჯები“,- აცხადებს ჩიხრაძე.