ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს „სამარცხვინო“ უწოდა.
მისი თქმით, ეს იყო „ვიწრო პოლიტიკური ანგარებით“ შედგენილი დასკვნა, როგორიც არის ყველა რეზოლუცია და განცხადება „მათი მეგობრების“ მხრიდან.
„რაც შეეხება თითოეულ იმ მიმართულებას, იმ ცრუ ფაქტს, რომელიც ამ დასკვნაშია მოყვანილი, ამას სერიოზულად ვერ შეხედავ. ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც, სამწუხაროდ, დღეს წარმოადგენს, თუნდაც ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფილირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებაც რეზოლუციას რეზოლუციაზე ავტორობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, ერთი მხარეა, შემდეგ ჩვენი კითხვები იმ 100-გვერდიან დოკუმენტში, საერთოდ არც გადაუკითხავთ და ისე მოაბრუნეს პასუხი. ეს მეტყველებს დამოკიდებულებებზე. დამოკიდებულებებზე, რომელიც არახალია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის.
როდესაც გესაუბრებიან ევროპული ღირებულებების სახელით და ფასეულობებით, გესაუბრებიან ბრიუსელის სახელით ევროკავშირის დროშას ამოფარებული და გეუბნებიან, რომ თურმე ოჯახური ღირებულებების დაცვა ევროპული გზა არ ყოფილა, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა თურმე დასაშვები უნდა იყოს და ეს ევროპულია, როდესაც იუსტიციის სახლში უნდა მიბრძანდეს თურმე საქართველოს მოქალაქე და თავის შეხედულებით გადაიკეთოს სქესი, ეს თურმე პროევროპულია, თურმე გამჭვირვალობა არ არის ევროპული. თურმე, ლომჯარია და გიგაურმა უნდა მიიღოს ასობით მილიონი დოლარი თუ ევრო აქ ქვეყნის გადასატრიალებლად და რევოლუციური სცენარებისთვის. თითოეული მიმართულება არის გაცამტვერებული. ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ის დასკვნა, როგორიც არის ყველა ის რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ასევე, კირცხალიამ აღნიშნა, რომ თუ სადმე დემოკრატიის უკუსვლაა, ეს არის სწორედ „დიფ სთეითის“ მანქანა, რომელიც „მძვინვარებს დღეს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“.
„თუ სადმე დემოკრატიის უკუსვლაა, თუ სადმე ღირებულებითი უკუსვლაა, ეს არის სწორედ „დიფ სთეითის“ ის მანქანა, რომელიც ასე მძვინვარებს დღეს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, თუ რეალურად რა რეაქციები აქვს იქ საზოგადოებას, მათი ამ არასწორი მმართველობის გამო“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, „ბრიუსელის ბიუროკრატიის“ მხრიდან ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.
„როდესაც ჩალის ფასად ქცეულ რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე დაუკვირვებლად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დღის წესრიგში შეცურებული რეზოლუციებითა თუ განცხადებებით შემდეგ ხდება, აქაური აგენტურის მხრიდან კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე ციფრებით მანიპულაცია; იმ ჯგუფების მიერ, რომელი ჯგუფებიც პირდაპირ იდენტიფიცირებული არიან, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი და ამას ისინი ბოლო წლებია, არ მალავენ და ღიად, მოურიდებლად აცხადებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
მან ისაუბრა გერმანიის ელჩზე საქართველოში პეტერ ფიშერზეც, კირცხალიას თქმით, პეტერ ფიშერმა „ფეხქვეშ გათელა“ ყველა ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია.
„პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი”, - დასძინა მან.
მისი თქმით, ელჩის განცხადებები პარტიული და პოლიტიკურად მიკერძოებულია.
„დაველოდოთ, მას სულ რაღაც რამდენიმე თვე დარჩა ამ ქვეყანაში დიპლომატიური მოღვაწეობის. ნამდვილად რთულია ასეთ ადამიანზე და ამ პიროვნებაზე თქვა დიპლომატიური, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა, ყველა ის საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. დავანებოთ თავი ვენის კონვენცია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დახია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. პირობითად გვარამია და პირობითად ფიშერი ერთი რიტორიკით გვესაუბრებიან და ესაუბრებიან ჩვენს ხალხს. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაცებთან ერთად არ ტოვებს შანს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი. პეტერ ფიშერი ჩვენთვის არ არის გერმანია და როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ელიტის დღევანდელი წარმომადგენლები ჩვენთვის არ არის ევროპა. თუნდაც, ~ ბრიტანეთში დღევანდელი მმართველი ელიტა როგორ არ არის დიდი ბრიტანეთი და მისი ისტორიული კულტურა, დემოკრატიული ფასეულობები და საწყისები, რომელიც ეტალონი იყო მთელი მსოფლიოსთვის“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.