ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესები გაიმართება. პროცესები 10:00 და 13:00 საათზეა დანიშნული.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებით 72 პირი დააკავა, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.