თუ მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდებოდა, ამაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს უმაღლესი თანამდებების პირები იღებდნენ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე გამოძახებულმა მოწმემ, თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ზაქარია გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სატენდერო კომისიას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
„როგორც წესი, სატენდერო კომისიას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მოდიოდა გამზადებული ოქმები და ვაწერდით ხელს. რაიმე გადაწყვეტილებას კომისია არ იღებდა. თუ მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდებოდა, ამაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს უმაღლესი თანამდებების პირები იღებდნენ - მინისტრები და მოადგილეები, საკურატორის მიმართულებით.
როდესაც საქონლის შესყიდვა ხდებოდა, ჩემი სამსახური, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, შემდეგ ერთვებოდა საქმეში და ამოწმებდა თუ რამდენად შეესაბამებოდა მონაცემები, მოთხოვნილს, ასევე ხარისხს.
რაც შეეხება გორის ჰოსპიტლისთვის ტექნიკის შესყიდვას, აქ არ ჩავრთულვართ, რადგან ამ მიმართულებით კომპეტენცია არ გვაქვს“, - განაცხადა ზაქარია გიორგაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს.
ასევე, მხარეებმა გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნაწილი უდავოდ ცნეს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.