ბათუმში სპეცოპერაციის დროს დაშავებული 68 წლის თამარ მიქელაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პროკურორმა ლაშა ლოლუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, პროკურორის მტკიცებით, 68 წლის ქალს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით არ მიუღია.
„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. თამარ მიქელაძეს გასროლის შედეგად არ აქვს მიყენებული, მას აღენიშნება ზედაპირული ნაკაწრები, არ არის მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად. გამოძიება მიმდინარეობს, ეს უნდა დადასტურდეს რა მოხდა, რა ვითარებაში მოხდა”,- აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად 68 წლის ქალი დაშავდა, იგი ერთ-ერთი ბრალდებულის ხვიჩა დუმბაძის დედაა, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით არის დაკავებული. დაშავებული ქალი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მას სამართალდამცავებმა ფეხის არეში ესროლეს. ის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.