არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ბაჰრეინის ინფორმაციით, მათ ტერიტორიებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმები გრძელდება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარეობდა რეაგირება ირანიდან მომავალ საფრთხეებზე და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, თავდასხმის მოგერიების გამო აფეთქებების ხმები გაიგონონ.
ქუვეითმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შედეგად მოსალოდნელ აფეთქებების ხმებზე და მათ უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდა.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში კიდევ ხუთი დრონი მოიგერია.
სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა „ირანის აგრესიის“ შედეგი იყო და რომ ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა საწყობში ხანძარი გამოიწვია.