თაზო დათუნაშვილი ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ანგარიშზე - ამ რაოდენობით ადამიანები მშვიდობიანი ქვეყნებიდან არ გარბიან - მილიონზე მეტმა მოქალაქემ ბოლო ათ წელში თქვა, რომ ვეღარ ხედავს მომავალს თავის სამშობლოში

ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ რაოდენობით ადამიანები მშვიდობიანი ქვეყნებიდან არ გარბიან, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში” ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს 2025 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან ოცეულშია.

დათუნაშვილის თქმით, ამ ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქე საკუთარ მომავალს თავის სამშობლოში ვეღარ ხედავს.

„ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ რაოდენობით ადამიანები მშვიდობიანი ქვეყნებიდან არ გარბიან. როდესაც მშვიდობაა ქვეყანაში, კეთილდღეობა, როდესაც ეკონომიკა ვითარდება, როდესაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ცხოვრება ააწყონ და ბედნიერება იპოვონ საკუთარ სამშობლოში, ისინი ქვეყნიდან არ გარბიან.

უკანასკნელი ოთხი წელია, „ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ძალაუფლების ლოგიკა დააყრდნო იმაზე, რომ საქართველოში არ არის ომი, მშვიდობას ინარჩუნებს და მშვიდობა არის მისი მთავარი მონაპოვარი. ამ პერიოდის მანძილზე საქართველო ხდება მოწინავე ქვეყანა ყველაზე მძიმე ქვეყნების ჩამონათვალში, იმ ქვეყნების გვერდით, სადაც სამოქალაქო ომია.

ამ ქვეყნის მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში თქვა, რომ ის ვეღარ ხედავს საკუთარ მომავალს თავის სამშობლოში. ძალიან ძნელი გადაწყვეტილებაა, რომ საკუთარი ქვეყანა დატოვო, აიბარგო, როგორც მომთაბარე და წახვიდე, ძალიან მძიმე ცხოვრებისთვის გაწირო საკუთარი თავი და შეცვალო შენი ოჯახის, შენი მოდგმის მთელი ისტორია. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ უბრალოდ კარგი ცხოვრების ძიების გამო. ემიგრაციაში იმიტომ მიდის ადამიანი, რომ აქ ვეღარ ხედავს მომავალს. ეს პირდაპირ აისახება შობადობაზე.

აქ ისმის საკითხი - ერთი ეს არის მატერიალურ-სოციალური პრობლემა, რომლის გამოც უმრავლესობა მიდის და მეორე არის ერთგვარი კლაუსტროფობია, ჩაკეტილობის განცდა საზოგადოების საუკეთესო ნაწილში, რომელიც განვითარებულია, რომელიც ქმნის საქართველოს მომავალს დღეს. ამ ადამიანებს აღარ შეუძლიათ ცხოვრება ქვეყანაში, სადაც გუშინ ტროტუარზე დგომა შეზღუდეს, დღეს გადაადგილების სხვა ფორმები.

სახელმწიფო ყოველდღიურად ცდილობს, რომ თავის მოქალაქეები ორ ნაწილად გაყოს - პირველხარისხოვან მოქალაქეებად და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, ეს კი იწვევს იმას, რომ როდესაც ვინმეს მეორეხარისხოვნად აგრძნობინებ თავს, ის აუცილებლად წავა და სხვაგან იპოვის თავის ადგილს”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან ოცეულშია. BPN.GE-ს ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ვებგვერდზე გავრცელდა.

სააგენტოს ცნობით, 2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი