FBI-მ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული კიბერაქტორები გამოავლინა, რომელთა მიზანს შეტყობინებების აპლიკაციებში შეღწევა წარმოადგენს, - ინფორმაციას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კაშ პატელი ავრცელებს.
„კამპანიის სამიზნე სადაზვერვო ინფორმაციის მქონე მაღალი სტატუსის პირები, მათ შორის, აშშ-ის მოქმედი და ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები, სამხედრო პერსონალი, პოლიტიკური ფიგურები და ჟურნალისტებია“, - აცხადებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი.
პატელის ცნობით, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულმა კიბერაქტორებმა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პირად ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომა მოიპოვეს.
FBI-ისა და აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (CISA) განცხადებით, კიბერაქტორებმა შეტყობინებების აპლიკაციებში, მათ შორის აპლიკაცია Signal-ში პირად ანგარიშებზე წვდომა მოიპოვეს, თუმცა მათ თავად აპლიკაციების კოდები არ გაუტეხავთ.
„წვდომის მოპოვების შემდეგ აქტორებს შეტყობინებებისა და საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა, ასევე, შეტყობინებების გაგზავნა და ფიშინგი შეუძლიათ“, - აღნიშნა პატელმა.