ირანმა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დიეგო გარსიას სამხედრო ბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანმა საშუალო რადიუსის მქონე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ დიეგო გარსიას მიმართულებით, სადაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ბაზა მდებარეობს.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი რაკეტა ფრენის დროს ჩამოვარდა, ხოლო მეორე აშშ-ის სამხედრო გემიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევა მნიშვნელოვანია, რადგან დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა ირანიდან 4000 კილომეტრში მდებარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს უფრო შორ მანძილზე ფრენა შეუძლიათ, ვიდრე ამას თეირანი ოფიციალურად აღიარებს.