„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
„2026 წელს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის თემაა „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი ჩართვის უზრუნველყოფა, რომლის მიღწევაც შეუძლებელია მათი გარიყვით და არსებულ ბარიერებთან პირისპირ მარტო, სათანადო მხარდაჭერის გარეშე დატოვებით.
საქართველოში, დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობა, ინკლუზიური განათლება და დასაქმების უფლების რეალიზება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისების სიმწირე, გეოგრაფიული მისაწვდომობა, მომლოდინეთა რიგები, რაც ზღუდავს საჭირო მომსახურებებით სარგებლობას. კვლავ პრობლემურია დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანდაცვის უფლების რეალიზება. სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული თანადაფინანსების მექანიზმი და მათი საჭიროებების მიმართ ინდივიდუალიზებული მიდგომის არარსებობა არაპროპროპორციულ ტვირთად აწვება დაუნის სინდრომის მქონე პირებს და მათ ოჯახებს, აბრკოლებს მათ წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინკლუზიის გზაზე დამატებით ბარიერს ქმნის ინტელექტუალური ნიშნით შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანების მიმართ არსებული მომეტებული სტიგმა, სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე წვდომის კუთხით არსებული დაბრკოლებები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლებას, შშმ პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის მიზნით, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ დარჩეს მარტო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.