გიგი წერეთელი - პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას - ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

სახალხო ქადაგების თუ პირადი საუბრების დროს, პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას - ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ჩვენ ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის, მრევლისა თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქვეყნისთვის რთულ, ზოგჯერ მძიმე მომენტებში მასთან ერთად და ყოველთვის საიმედო იყო პატრიარქის სიბრძნე, სიმშვიდე, მისი სიტყვის ძალა და სამშობლოს ერთგულება.

„ახლა, საქართველოში რასაც ვხედავთ - ამგვარ გლოვას, ყველა თაობის და სოციალური ფენის, მართლმადიდებელი თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლის, ათიათასობით ადამიანის გულწრფელ მწუხარებას, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას, არის უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ნახევარსაუკუნოვანი, უფლის და ხალხის მსახურების გამორჩეულად აღიარება და განსაკუთრებული, სახალხო მადლიერების გამოთქმა.

დღეს დავბრუნდი საქართველოში და შორიდან უფრო ემოციურად განვიცდიდი მისი ჯანმრთელობის ასეთ დრამატულ გაუარესებას. თუმცა, ძალიან მცირე იმედი, ალბათ, ყველას გვქონდა. მან ბევრჯერ გაუძლო კრიტიკულ მომენტებს ადრე. ღვთის შეწევნით, ექიმების და მისი გულშემატკივრების მცდელობით, ისევ აგრძელებდა ერის სულიერი მოძღვრის მძიმე ტვირთის ტარებას.

ბედმა მარგუნა მასთან მქონოდა ოცდაათწლიანი ურთიერთობა, როგორც ჩვენი ეკლესიის მეთაურთან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ მოღვაწესთან, სულიერ მოძღვართან და ახლობელ ადამიანთან.

ხშირად ვყოფილვარ ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, ზოგჯერ მძიმე მომენტებში მასთან ერთად და ყოველთვის გვეიმედებოდა მისი სიბრძნე, სიმშვიდე, მისი სიტყვის ძალა და სამშობლოს ერთგულება. სწორედ ამ თვისებებით შეძლო ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ორი საუკუნის მიჯნაზე, ეპოქალური, პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი გარდაქმნებისა და გამოწვევების პირობებში, ყოფილიყო ერის გამორჩეული სულიერი მოძღვარი, გაეძლიერებინა ქრისტიანული რწმენა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, მოეპოვებინა უდიდესი ავტორიტეტი მთელ ქრისტიანულ სამყაროში და ყველაზე მაღალი ნდობა სამშობლოში.

ბუნებრივია, ამ ერთ პოსტში სათქმელს ვერ ჩავტევ, პატრიარქთან ურთიერთობის ბევრი საინტერესო დეტალის გახსენება შემიძლია, თუმცა, გამორჩეული იყო სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმებაზე მუშაობის წლები.

მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი და ძალიან ხშირი შეხვედრები მქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან, ამ საკითხზე მომუშავე მღვდელმთავრებთან და არასდროს დამავიწყდება იმ რთულ, წინააღმდეგობრივ, მაგრამ ისტორიულ პროცესში მისი მხარდაჭერა, კეთილგანწყობა, გაწონასწორებული პოზიცია და სახელმწიფოებრივი ხედვა.

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, განსაკუთრებული მოვლენა იყო, როცა 24 წლის წინ, უწმინდესი და უნეტარესი ილია ll ჩემი უმცროსი შვილის, ნიკოლოზის ნათლია და კიდევ უფრო ახლობელი ადამიანი გახდა.

სახალხო ქადაგების თუ პირადი საუბრების დროს, პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას. ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ჩვენ ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის, მრევლისა თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან.

ამ მადლიერებით ვემშვიდობები მეც, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად - თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, თავმდაბლობისთვის, ლოცვისთვის, მსახურებისთვის, ღვაწლისთვის…

ეს მადლიერება დარჩება სამუდამოდ, საზოგადოებრივ მეხსიერებაში, იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიის გამორჩეული ფურცელი და გაჰყვება მას ზეციურ საქართველოში“, - წერს გიგი წერეთელი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო