უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ ფლორიდაში აშშ-ის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებზე გადაუჭრელი საკითხების სპექტრის შემცირების კუთხით პროგრესს მიაღწიეს.
„ფლორიდაში, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეტაპი დავასრულეთ, რომელიც მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული პროცესის ნაწილია. შეხვედრების დროს ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების საიმედო გარანტიებსა და ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, კერძოდ, ჩვენი მოქალაქეების გაცვლასა და დაბრუნებაზე. მივაღწიეთ პროგრესს პოზიციების შეჯერებასა და გადაუჭრელი საკითხების სპექტრის კიდევ უფრო შემცირებაში“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შეხვედრების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამუშაოს შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, დეტალურ ანგარიშს კი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ წარუდგენენ.
„მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების პროცესში თანმიმდევრული ჩართულობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მიღწეული იმპულსი საშუალებას მოგვცემს, შეხვედრების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“, - წერს უმეროვი.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ორიენტირებული იყო უკრაინისთვის მდგრადი და საიმედო უსაფრთხოების სისტემის განსაზღვრის ძირითად საკითხებზე, ასევე რეგიონში კრიტიკულ ჰუმანიტარულ ზომებზე.
„კონსტრუქციული მოლაპარაკებები გუშინდელ პროგრესს დაეფუძნა და ყურადღება გამახვილდა ძირითად საკითხებზე, უკრაინისთვის მდგრადი და საიმედო უსაფრთხოების ჩარჩოს, ასევე რეგიონში კრიტიკული ჰუმანიტარული ძალისხმევის განსაზღვრის მიზნით“, - წერს უიტკოფი.
ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის 21-22 მარტს ფლორიდაში ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი, უკრაინის დელეგაციაში კი შედიოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.