„არემჯის“ მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, „არემჯის“ მხარდაჭერით, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრის საზეიმო გახსნას, საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის (Montanuniversität Leoben) დელეგაცია, სტუ-ის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, „არემჯის“ მენეჯმენტი და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდნენ.

კომპანიის განმარტებით, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი იქნება ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს სტუ-სა და ლეობენის უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა გაცვლითი და კვლევითი პროექტების ინიციირებასა და მათ განხორციელებას, სამთო-გეოლოგიური მიმართულების ქართველ და ავსტრიელ სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას.

ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრში, „არემჯისა“ და ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც მხარეებს შორის 2020 წელს დაწყებული პარტნიორობის გაღრმავებას და სამომავლოდ მეტი საერთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. მათ შორის, მნიშვნელოვანია, კომპანიის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის სპეციალური მოკლე კურსების შეთავაზება.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ „არემჯისა“ და ლეობენის უნივერსიტეტს შორის პატარა ნაბიჯებით დაწყებული თანამშრომლობა ბოლო წლებია დიდ და მნიშვნელოვან პარტნიორობად გადაიქცა. ვფიქრობ, ამ ურთიერთობამ, დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ სამთო უნივერსიტეტთან დაგვაკავშირა. ეს ჩვენთვის დიდი პატივია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საწარმოსათვის და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის მხრიდან განათლების მხარდაჭერის უწყვეტ გზაზე.

მადლობა ამ თანამშრომლობაში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და რა თქმა უნდა სტუდენტებს. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი მოტივაციაა,“ -განაცხადა „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ.

„არემჯის“, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ვთავაზობთ ორ ძირითად მიმართულებას; პირველ რიგში, ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ და საერთაშორისო დონის ინჟინრების მომზადებას. მეორე მხრივ, უნივერსიტეტებს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამთო დარგში ცოდნის შემდგომ გაღრმავებაში, როგორც ღია კარიერული წესით, ისე - მიწისქვეშა მოპოვებისა და მინერალების გადამუშავების მიმართულებით,“ - აღნიშნა ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორმა, პეტერ მოზერიმ.

„ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქართულ-ავსტრიული, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე. მჯერა, ცენტრი ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სამთო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლეობენის უნივერსიტეტს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიის კონტექსტში - 115 წლის წინ სწორედ ამ უნივერსიტეტში მიიღო განათლება გამოჩენილმა ქართველმა ინჟინერმა და მეცნიერმა, ქართული სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელმა, გრიგოლ წულუკიძემ. დღეს კი, ჩვენ მომსწრენი ვართ ამ ისტორიული კავშირის გაგრძელებისა - ლეობენის უნივერსიტეტში ოთხი ქართველი ახალგაზრდა - ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი სწავლობს, რაც დასტურია იმისა, რომ ქართულ-ავსტრიული პარტნიორობა გრძელდება და წარმატებით ვითარდება,“- აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორიმა, დავით გურგენიძემ.

ვიზიტის მეორე დღეს, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს კომპანია „არემჯის“ ბექთაქარის მიწისქვეშა საბადო, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული პროექტია. სტუმრებმა მიწისქვეშა მაღარო დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026