თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, პროკურატურას 1 მოწმე - გამომძიებელი - კონსტანტინე კერესელიძე ჰყავს წარმოდგენილი. ასევე, გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს.
პროცესს არ ესწრებიან ზურაბ ჭავჭანიძე და გიორგი ქორქია, ვინაიდან ისინი მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
სხდომას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უძღვება.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.