ირანის თავდაცვის საბჭოს განცხადებით, თუ ირანის სანაპიროებს ან კუნძულებს თავს დაესხმებიან, თეირანი, დანაღმვის გზით, სპარსეთის ყურის მარშრუტებს დაბლოკავს.
„მტრის მიერ ირანის სანაპიროებზე ან კუნძულებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა, ბუნებრივია, და საერთო სამხედრო პრაქტიკის შესაბამისად, გამოიწვევს სპარსეთის ყურეში და სანაპიროებზე წვდომის მარშრუტებისა და საკომუნიკაციო ხაზების დანაღმვას სხვადასხვა ტიპის საზღვაო ნაღმებით, მათ შორის მცურავი ნაღმებით, რომელთა გაშვებაც სანაპიროებიდან არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, მთელი სპარსეთის ყურე პრაქტიკულად დიდი ხნის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. ამჯერად, ჰორმუზის სრუტესთან ერთად, მთელი სპარსეთის ყურე პრაქტიკულად დაიბლოკება და ამაზე პასუხისმგებლობა მუქარის გამავრცელებელ მხარეს დაეკისრება“, - აღნიშნულია ირანის თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ განიხილავს ირანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხარგის კუნძულის ოკუპაციის ან ბლოკადის გეგმებს, რათა ამ გზით თეირანი აიძულოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე გახსნას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.