კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება საქართველოს უნივერსიტეტისთვის - 2029-2030 წლებში ქვეყანაში პირველად ჩატარდება „Early Career Researchers Summer School“, რომელიც განათლების კვლევების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმად მიიჩნევა.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპის განათლების კვლევების ასოციაციის - European Educational Research Association (EERA) კონგრესის ფარგლებში, რომელიც 20-21 მარტს ბერლინში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი თინათინ ღუდუშაური და უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - რევაზ ტაბატაძე.
საზაფხულო სკოლის საქართველოში ჩატარება ნიშნავს, რომ ქვეყნის აკადემიური ეკოსისტემა უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდა მკვლევრებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს. პროგრამა ხელს შეუწყობს კვლევითი უნარების გაღრმავებას, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიურ ქსელებში ინტეგრაციას.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან აღიარებად განიხილება როგორც საქართველოს უნივერსიტეტის, ისე საქართველოს განათლების ინტერდისციპლინური კვლევების ასოციაციასთვის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ როლს განათლების კვლევების გლობალურ სივრცეში.

კონგრესის ფარგლებში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის განათლების კვლევით ასოციაციებთან. შეთანხმებები მოიცავს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, აკადემიური რესურსების გაზიარებასა და სამეცნიერო აქტივობების გაძლიერებას.
თანამშრომლობა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ქართველი პროფესორ-მასწავლებლებისა და დოქტორანტებისთვის - მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი კვლევები საერთაშორისო ჟურნალებში უფასოდ გამოაქვეყნონ და მიიღონ მენტორული მხარდაჭერა როგორც EERA-ს, ისე მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
აღნიშნული ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს აკადემიური სივრცის ინტერნაციონალიზაციას, გააძლიერებს კვლევით კულტურას და ქვეყნის პოზიციას განათლების კვლევების საერთაშორისო რუკაზე.
(R)