4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სულხან ტუღუშისა და ალექსანდრე ჩილაჩავას ადვოკატი დღეს დაკითხულ გამომძიებელზე - ძირითად კითხვებზე, გამომძიებლის პასუხი იყო, რომ არ ახსოვს ან არ იცის

ძირითად კითხვებზე, გამომძიებლის პასუხი იყო, რომ არ ახსოვს ან არ იცის, - ასე შეაფასა ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე დაკავებულების, სულხან ტუღუშისა და ალექსანდრე ჩილაჩავას ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ დღეს დაკითხული გამომძიებლის, კონსტანტინე კერესელიძის ჩვენება.

კერესელიძე პროკურატურის მოწმე იყო და ის სასამართლოში დაცვისა და ბრალდების მხარის კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე მთავარი გამომძიებელი დავკითხეთ. როგორც მან განმარტა, ეს იყო ის პირი, რომელმაც უშუალოდ დაიწყო გამოძიება, ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიც იყო, ის, თუ რატომ არ მოხდა კამერების ამოღება, კონკრეტულმა პირებმა, რომლებიც ბრალდებულები არიან, რა სახის ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, მან განმარტა, რომ არ ახსოვს, კამერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ, არც მიუმართავს პრეზიდენტის სასახლისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ვიდეოკადრები გამოეთხოვათ და შეენახათ. ძირითად კითხვებზე მისი პასუხი იყო - არ ახსოვს ან არ იცის. როცა ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებით დავსვით კითხვა, რა სახის მტკიცებულებები არსებობს, რომ აღნიშნული პირები იღებდნენ მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში ან წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, რომ გარკვეული ქმედება განეხორციელებინათ. მან თქვა, რომ ასეთი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ არის, უბრალოდ ელოდებიან ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციას, იქნებ ტელეფონიდან ამოღებულმა ინფორმაციამ დაადგინოს, კავშირი იყო თუ არა. ამიტომაც, აღნიშნულმა გამომძიებელმა ცალსახად დაადასტურა, რომ არავითარ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან შეხება და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ფაქტზე დაკავებულებს - ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026