გასულ თვეში საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნეს გაერთიანებამ, სს „ნიკორამ“, რებრენდინგის შედეგად სახელწოდება შეიცვალა და საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის “ (NMG) სახელით განაგრძობს. კომპანიის 27-წლიან ისტორიაში ეს პერიოდი იმითაც არის გამორჩეული, რომ გაიხსნა შპს „ნიკორას” ხორცპროდუქტების ახალი, თანამედროვე, მასშტაბური საწარმო, რომელიც ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით უნიკალურია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ - აღმოსავლეთ ევროპაში.
NMG-ის საქმიანობის შედეგი პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან ის ერთ-ერთ წამყვანი მოთამაშეა რამდენიმე მიმართულებით. მათ შორისაა: წარმოება, ვაჭრობა, ლოგისტიკა, იმპორტი.
კომპანიის ეკონომიკური წონა, პირველ რიგში, მის შრომით რესურსში აისახება. 10,000-ზე მეტი დასაქმებულით ჯგუფი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თუმცა, რაოდენობრივ მაჩვენებელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გეოგრაფიული დაფარვა. 700-მდე სუპერმარკეტისგან შემდგარი ქსელი მთელ საქართველოს ფარავს. ჯგუფის ერთ-ერთი მასშტაბური საწარმო კი ფოთში მდებარეობს, რაც რეგიონის მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს. NMG დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომლების გადამზადებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას. ამავდროულად, კომპანია აქტიურად უჭერს მხარს დეფიციტური პროფესიების განვითარებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემასა და მაღალმთიანი რეგიონების სკოლების მხარდაჭერას.

კომპანიის ეკონომიკური გავლენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია სახელმწიფოს ბიუჯეტში შეტანილი თანხა, რაც NMG-ის შემთხვევაში 800 მილიონ ლარზე მეტია. ეს თანხა ბიზნესის მდგრადობისა და გამჭვირვალე საგადასახადო პრაქტიკის გარანტიაა.
NMG-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შვილობილი კომპანიების განვითარების ხელშეწყობა და მათთვის საინვესტიციო რესურსების მოზიდვაა. მიმდინარე წელს გახსნილ საწარმოში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით. წარმოება სრულად ავტომატიზირებულია და დამონტაჟებულია RFID სისტემები, რაც უზრუნველყოფს პროცესების სრულ კონტროლს, ეფექტიან მართვასა და პროდუქციის მაღალ ხარისხს. ქარხნის ამოქმედების შედეგად, წარმოება თითქმის 2,5-ჯერ გაიზრდება, ხოლო დამატებით 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
NMG კაპიტალის ბაზარზე იყენებს ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ობლიგაციები და აქციები, რაც ბიზნესისთვის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის შესაძლებლობაა. უკანასკნელ წლებში უკვე რამდენჯერმე მოხდა ობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსება, რაც ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ ნდობის ზრდაზე მიუთითებს. აღნიშნული კი კომპანიის მაღალი გამჭვირვალობითა და საოპერაციო შედეგებითაა განპირობებული.
NMG აგრძელებს განვითარებასა და ბიზნესის დივერსიფიკაციას, რაც საბოლოოდ დადებითდ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.