საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს, წლიური 5.1%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისთვის მზაობის 2025 წლის რეიტინგით, საქართველოს საქმიანი გარემო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანათა ოთხეულშია - კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.
„მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ რამდენიმე ძირითადი ბიზნეს ინდიკატორით; მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ ფუნქციონირებისა და დავების გადაჭრის ოპერატიულობით. გარდა ამისა, „ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მმართველობის ინდექსში“ ხაზგასმულია საქართველოს ძლიერი ინსტიტუციური წყობა, რითაც ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით გლობალურ ლიდერებს შორისაა. ეს ყოველივე ერთად აღებული, მკაფიოდ აყალიბებს ერთ გზავნილს - საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის.
ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. ათი წლის წინ, მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც.
ეს ნდობა მკაფიოდ წარმოჩინდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით ხუთ-ნახევარჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის, ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე.
კობახიძის თქმით, ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული და სიამაყის საფუძველია ის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ ფასიანი ქაღალდების ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში. საუბარს დავიწყებ “თიბისი კაპიტალისა“ და საქართველოს ეროვნულ ბანკისადმი მადლობის გადახდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
დღევანდელი ღონისძიება უნიკალურად აერთიანებს გლობალურ ინვესტორებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს ისეთ დროს, როდესაც უშუალოდ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები აყალიბებს ფინანსურ ბაზრებს. ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების პერიოდში, სადაც მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები მყისიერად მოქმედებს ენერგიის ფასებზე, ხოლო მეორეში - მიწოდების ჯაჭვებსა და განვითარებად ბაზრებზე.
ამ რთულ გარემოში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს და მის ფარგლებსაც სცდება. ამ როლის ხელშეწყობა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობას, არამედ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზრების განვითარებასაც. საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე. ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული.
სიამაყით შემიძლია გაცნობოთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა და ეს ძლიერი პოზიცია 2026 წელსაც ფიქსირდება; მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ თვეში 7.9-პროცენტიანი ზრდა სტაბილურად შევინარჩუნეთ. ეს განპირობებულია სტრუქტურული გაუმჯობესებით და მაღალი პროდუქტიულობის მქონე სექტორებით, რაც ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ეს პროგრესი წამყვან საერთაშორისო შეფასებებშიც აისახება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.