აქტივისტ, მეგი დიასამიძის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ პატიმრობის ნაცვლად, ჯარიმის გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„მე წელიწადსა და 6 თვეს არ ველოდი, მეგონა ჯარიმით შემოიფარგლებოდა. არ მიკვირს, ყველაფერი შეუძლიათ იკადრონ ამ ადამიანებმა. მე მჯერა იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ რაც ურჩევია თავის პოლიტიკურ კონტექსტში დღევანდელობიდან გამომდინარე, რაც აწყობს, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს პროტესტის მონაწილეზე, იქნება ეს აქტივისტზე, თუ პოლიტიკოსზე. რაც აწყობთ, იმას გააკეთებენ და დღევანდელი გადაწყვეტილება ამის დასტურია ჩემთვის“, - განაცხადა მეგი დიასამიძემ.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით მასაც პატიმრობა მიესაჯოს, დიასამიძის თქმით, „ქართული ოცნებისგან“ არაფერს გამორიცხავს“.
შეგახსენებთ, თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.
არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.