თორნიკე ართქმელაძე - წინა წლებშიც იყო სავიზო რეჟიმის დარღვევების შემთხვევები, თუმცა მაშინ არ გაუმკაცრებია აშშ-ს პოლიტიკა - აქ მარტივადაა საქმე: როცა სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, აშშ ყველაფერში გვეხმარებოდა

ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება და ეს დაადასტურა ბოლო პერიოდში არაერთგზის. თქვენ ახსენეთ ხელისუფლებას აქვს თუ არა შერიგების მზადყოფნა, არ აქვს, სამწუხაროდ. ჩვენ უნდა ამოვიდეთ ამ მოცემულობიდან რაც გვაქვს, რომ ეს ადამიანები მართავენ სახელმწიფოს და არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა ხვალინდელ დღეზე, მათ შორის არც ეკონომიკურ არც პოლიტიკურ საკითხებზე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა თორნიკე ართქმელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირების დაძლევისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იქნებოდა სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ სხედან საპატიმროში.

„ჩვენი ეკლესია და განსაკუთრებით, პატრიარქი ილია II ყოველთვის იყო შემრიგებლობის მქადაგებელი. ათეული წლების განმავლობაში მის მიერ უმძიმეს პერიოდში გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვახსენდება, როდესაც ის დგამდა შერიგებისთვის და ეს იყო ნამდვილად პატრიარქის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რაც გვახსოვს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც იყო ის ასეთი დიდი პიროვნება არის ის, რომ საზოგადოებაში ის იყო გამაერთიანებელი და ამას აკეთებდა შესანიშნავად თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეკლესიის მოწოდება ყოველთვის იქნება შერიგება, იქნება, რომ იდეოლოგიით დაშორებული ადამიანები დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჩვენც ვამბობთ, რომ არ შეიძლება ამ მუდმივი დაპირისპირების ფარგლებში ვიყოთ და კი, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ამ დაპირისპირების დაძლევისკენ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საზოგადოებას ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხედან დამონტაჟებული ვიდეოს საფუძველზე, თვითონ პროკურატურა ადასტურებს, რომ ეს ვიდეოები დამონტაჟებულია, ქაღალდის ხელსახოცის სროლის გამო ზის ადამიანი წელიწადზე მეტია ციხეში. ამაზე როგორ შეიძლება არ თქვა, რომ დროა- დიდი ხნის წინ იყო დრო, ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ დღეს მაინც გადავდგათ ნაბიჯები, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, არ შეიძლება ახალგაზრდებს უმნიშვნელოვანესი წლების დავაკარგვინოთ საპატიმროში და ამის საფუძველი საერთოდ არ გქონდეს. ეს ხომ ეროვნული ტრაგედიაა, რაც ჩვენ გვჭირს და ამ ხელისუფლებამ დაგვმართა. სხვანაირად ვერ დამშვიდდება სიტუაცია“, - განაცხადა ართქმელაძემ.

მან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ურთიერთობის გაფუჭება მათ შორის ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება ქვეყანაში დემოკრატიის წნეხში მოქცევას და „ქართuლი ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება.

„თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ რიტორიკის და კონკრეტული ნაბიჯების შედეგი, რომელმაც ამერიკა, ფაქტობრივად, გამოაცხადა მტრად. ამერიკას ესაუბრებიან ისეთი ენით და ტონალობით, რასაც ვერ უბედავენ ამ ქვეყნის ნამდვილ მტერს- რუსეთს. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ითელება ფეხქვეშ, ამ ქვეყანაში ტარდება ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები, არავის, მათ შორის, არც პოლიტიკური პარტიების, არც მედიების უფლებები არ არის დაცული. მე არ მგონია, რომ წინა წლებში ნაკლები იყო სავიზო რეჟიმის დარღვევები მოქალაქეების მხრიდან, თუმცა მაშინ არ გაუმკაცრებია პოლიტიკა აშშ-ს. აქ მარტივადაა საქმე- როდესაც ჩვენ ვიყავით აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები, გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, აშშ გვეხმარებოდა ყველაფერში, მათ შორის, ეკონომიკურად და პოლიტიკად. ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები და შესაძლოა, მაშინაც იყო სავიზო რეჟიმის დარღვევები მოქალაქეების მხრიდან, მაგრამ არ გადაუდგამს ამერიკას ნაბიჯები, გადადგა ახლა, როდესაც დემოკრატია არის ასეთი წნეხი ქვეშ ქვეყანაში.

სახელმწიფო დეპარტამენტისგან ჩვენ მრავალი თვეა ვხედავთ კონკრეტულ გზავნილებს საქართველოსთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება პოლიტიკური დევნა და არჩევნებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვხედავთ, რომ სწორი არჩევნები არის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ არ ასრულებს. წლებია ამ ქვეყანაში დემოკრატია განიცდის უკუსვლას და წლებია ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არა თუ დგამს ნაბიჯებს, რომ მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება, არამედ, პირიქით, ყველაფერი დაიქვემდებარა, ყველაფერი გაანადგურა ინსტიტუციების დონეზე და მოაწყო გარკვეული შუა აზიის დონის ავტოკრატიული მმართველობა, რომელიც უნდა, რომ, საბოლოო ჯამში, გადაზარდოს დიქტატურისკენ. რა თქმა უნდა, ამას ვერ შეეგუება აშშ. ამერიკას არაერთხელ განუცხადებია, რომ სამყაროს ნებისმიერ წერტილში დიქტატურა არის მისი იდეური პრობლემა,“ - განაცხადა ართქმელაძემ.

მისი თქმით, ის, რაც დღეს ამერიკასა და საქართველოს შორის ხდება, ნამდვილად არ არის გადატვირთვა.

„ვხედავთ, რომ ურთიერთობები არის პროტოკოლურ დონეზე. მნიშვნელოვანი შეხვედრები „ქართლ ოცნებას“ არ აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო სომხეთსა და აზერბაიჯანში, თუმცა არ იყო საქართველოში, ეს იყო მთავარი გზავნილი. ჩვენ თუ გვინდა ვთქვათ ამერიკის მთავარი გზავნილი საქართველოსთან მიმართებით - იყო ეს. რაც შეეხება იმას, რა საერთო ინტერესი შეიძლება გვქონდეს ამერიკასთან, ეს, რა თქმა უნდა, არის სავაჭრო ინტერესი და საქართველოს აქვს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომ მას შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამერიკისთვის და ევროპისთვის, ეს, რა თქმა უნდა, არის ანაკლიის პორტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო“, - განაცხადა ართქმელაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს