პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის ციხეში არავის უშვებენ - არავის თუ უბრალოდ შეშლილ დიქტატურაში არ ცხოვრობ! - ასე ეხმაურება სასამართლოს მიერ “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი.
ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ პლაკატზე წარწერის გამო ადამიანის ციხეში 1.6 წლით გამოკეტვა დიქტატორული ახირებებისა და ფსიქიკური აშლილობის შედეგია.
“თავი მხოლოდ იმიტომ ხომ არ გაქვს, მუცელში წყალი არ ჩაგივიდესო - იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი და ზუსტად ეს ამბავია.
მინდა არასოდეს ვიცნობდე, არასოდეს შევხვდე ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებამ არ დაზაფრა, არ გაამწარა …
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ყველას ერთი ემოცია გაქვთ, რომ არ შეიძლება, დაუშვებელია, დიქტატორული ახირებების და ფსიქიკური აშლილობის შედეგია, რომ ადამიანი 1,6 წლით ციხეში გამოკეტო პლაკატზე წარწერის გამო.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის აძლევ ხმას, ნულოვანი მნიშვნელობა აქვს ელენე მოგწონს თუ არა, ეთანხმები თუ არა, არც იმას აქვს მნიშვნელობა რომ ქალია და 4 შვილის დედა... მას დღეს შემამსუბუქებელი გარემოებები არ ჭირდება. პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის ციხეში არავის უშვებენ, არავის თუ უბრალოდ შეშლილ დიქტატურაში არ ცხოვრობ!“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხოშტარიამ 2024 წლის 14 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა - “რუსული ოცნება“ და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა. ხოშტარია სამართალდამცველებმა 15 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.