ძმები მიქაძეების ადვოკატი - ბრალდების მხარე მოწმეებისკენ თითის გაშვერის სტანდარტზე დარჩა, თუ აინტერესებდა, ვინ იყო ვიდეოჩანაწერებში, დაენიშნათ ექსპერტიზა და დღეს ამ მკითხაობის რეჟიმში არ ვიქნებოდით

ბრალდების მხარე მოწმეებისკენ თითის გაშვერის სტანდარტზე დარჩა, თუ აინტერესებდა, ვინ იყო ვიდეოჩანაწერებში, დაენიშნათ ექსპერტიზა და დღეს ამ მკითხაობის რეჟიმში არ ვიქნებოდით, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეების ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სასამართლო პროცესზე გიორგი მიქაძის დაცვის წევრი, კობა ვაჭარაძე დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ კადრებში ნაჩვენები ავტომობილით გიორგი მიქაძე არასდროს უნახავს.

„მოწმესთან გვქონდა შეკითხვები მანქანასთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმროს კადრში ჩანს და მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ასეთი მანქანით გიორგი მიქაძე არ გადაადგილდებოდა. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომ გიორგი მიქაძე ამ მანქანით იმყოფებოდა, გაბათილდა. ამის შემდეგ კი პროკურორმა არარელევანტური კითხვების დასმით სცადა გადაეფარა ეს მნიშვნელოვანი ნაწილი.

მოწმემ, ასევე მიუთითა, რომ გიორგი მიქაძე ჯიპის ტიპის მანქანაში არ უნახავს, შესაძლოა, მის გარემოცვაში ვინმეს ჰყავდა. გიორგი მიქაძე ძირითადად, იყენებდა „ქემრს“ და მოტოციკლს. ის ფაქტი, რომ რაღაც მანქანა სასტუმროსთან გაჩერდა, არ ნიშნავს, რომ ეს რაიმე მტკიცებულებაა. კვლავ რჩება ეჭვი თუ ვინ იჯდა ამ მანქანაში. ასევე, პოლიციელის ბიჭიკო წოწორიას გარდა, დედამიწაზე რომ ვერავინ შეძლო ადამიანის ამოცნობა ამ კადრებში, გიორგი მიქაძეს ხელს ვერავინ ადებს. ვეძებთ მტკიცებულებას, რომ გიორგი მიქაძე იმ მანქანაში იჯდა.

ბრალდების მხარეს, გიორგი მიქაძის სასტუმროში მისვლასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები. მოწმეებისკენ თითის გაშვერის სტანდარტზე დარჩა ბრალდების მხარე. თუ აინტერესებდა თუ ვინ იყო ჩანაწერებში დაენიშნათ ექსპერტიზა და დღეს ამ მკითხაობის რეჟიმში არ ვიქნებოდით“,- განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

შორენა ნიქაბაძის თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა სასტუმროს „დივიარებისა" და ვინჩესტერების წარმოდგენას, რომლითაც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების კანონიერება უნდა დადასტურებულიყო.

„დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ პროკურატურას შემდეგ სასამართლო სხდომაზე სასტუმროს „დივიარები“ და ვინჩესტერები წარმოედგინა, რაზეც, გამოძიების ინფორმაციით ჩაწერილი იყო ეს ვიდეო-ჩანაწერები. ჩვენ ამის გახსნას იმიტომ ვითხოვდით, რომ დაცვის მხარეს ეჭვი ეპარება, რომ თებერვლის თვის ჩანაწერები, 2025 წლის 5 აგვისტოს ამ ვინჩესტერებზე ყოფილიყო შენახული. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები, რომ თუ ვინჩესტერებზე მსგავსი ინფორმაცია იქნებოდა, ეს ჩანაწერები სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გარეშე იყო მოპოვებული“, - განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოწმის სახით გიორგი მიქაძის დაცვის თანამშრომელი კობა ვაჭარაძე დაიკითხა.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს