დაცვის მხარის მოწმემაც კი დაადასტურა, რომ დავით მიქაძე სასტუმრო „თბილისი თაუერში“ იყო, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე, სადაც დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევდნენ, გიორგი მიქაძის დაცვის წევრი, კობა ვაჭარაძე დაიკითხა.
ვეფხვაძის განმარტებით, მან კრიტიკულ კითხვებს პასუხი ვერ გასცა.
„დღეს გიორგი მიქაძის დაცვის წევრი დაიკითხა. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ სასტუმრო „თბილისი თაუერის" კადრებში დავით მიქაძე არ ჩანს. ამაზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც დანიშნეს, არასაკმარისია ხილვადობა და დავით მიქაძე როგორ ამოიცნო გოგა კაკულიამ[პოლიციელი], რომელიც მოწმის სახით იყო დაკითხული. მოწმე კობა ვაჭარაძეს დავუსვი შეკითხვა და მან დაადასტურა, რომ ეს დავით მიქაძე იყო. ანუ მათივე მოწმემაც კი დაადასტურა, რომ დავით მიქაძე სასტუმრო „თბილისი თაუერში“ იყო. რაც შეეხება ამ მოწმის ჩვენებას, ძალიან საინტერესო მოწმეა, ერთი მხრივ, გამოკითხვის ოქმში უთითებს, გარდა „ტოიოტა ქემრის" ავტომანქანისა, გიორგი მიქაძის სარგებლობაში ასევე შეინიშნებოდა ჯიპის ტიპის [„ლექსუსი“] ავტომანქანაო. დღეს, მოცემულობა შეცვალა და სხვაგვარად განმარტა. როცა ამასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დავუსვი და მათ შორის, მოსამართლეც დაინტერესდა, განმარტა, მე ვიგულისხმე ზოგადად გიორგი მიქაძის გარემოცვაო, რაც არარელევანტურია. „ლექსუსის" ეპიზოდი საინტერესოა, რადგან დაცვამ წარუდგინა სასტუმრო "თაუერის" 2025 წლის 15 თებერვლის გარე კამერა, სადაც ჩანს, ჯიპის ტიპის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის გამოძიების მიერ დადგენილი გიორგი მიქაძე და ხვდება გიორგი ჯოხაძეს.
ასევე, მოწმე აცხადებს, რომ ის გიორგი მიქაძეს 21 მარტს, იტალიაში უსაფრთხოების მიზნით გაჰყვა, 23-ში ჩამოვიდა თავად, მიქაძე კი 28 მარტს. კითხვა დავუსვით, უსაფრთხოებას როგორ ემსახურებოდა, როცა თვითონ არ ჩამოჰყოლია და გიორგი მიქაძე საერთოდ, სხვა რეისით - თურქეთის რეისით წავიდა იტალიაში, მოწმემ ამაზეც ვერ გასცა პასუხი. გასაგებია, მოწმეს უჭირს ისეთ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა.
ასევე, მიქაძის დაცვის წევრმა განმარტა, რომ გიორგი მიქაძეს ყველგან არ ახლდა და დასვენებაც სჭირდებოდა. ამ ფონზე "თაუერში" გიორგი მიქაძის მისვლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ "თაუერი" საერთოდ არ იცის სად არის. ლოგიკურ კითხვას ვსვამ, თუ ადამიანმა არ იცის სად არის სასტუმრო, ისვენებდა და ყოველდღე არ დაჰყვებოდა, როგორ გამორიცხავს, რომ 15 თებერვალს გიორგი მიქაძე სასტუმრო "თაუერში" არ იმყოფებოდა?",- განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.