ელენე ხოშტარია ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს “ქართული ოცნების” უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას. ის ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის, - ამის შესახებ ქალ პოლიტიკოსთა მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი მოსამართლის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება რეჟიმს და არა კანონს“.
“დღეს ელენე ხოშტარია მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის იქცა თავისუფალი ადამიანის სიმბოლოდ, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და არ ჩუმდება მაშინ, როცა სისტემა დუმილს ითხოვს. ის არის ქალი, რომელიც ბრძოლას ირჩევს მაშინაც კი, როცა ამის ფასი პირადი თავისუფლებაა. ამით აცოცხლებს ქართველი ქალის იმ სახეს, რომელსაც ჩვენი ისტორია ყოველთვის იცნობდა - გაუტეხავს, მებრძოლსა და ღირსების დამცველს. ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა. ეს არალეგიტიმური ხელისუფლების ღრმა მორალური კრიზისის მკაფიო გამოხატულებაა. ელენესთვის პატიმრობა ბანერის დაზიანების გამო არ მიუსჯია რეჟიმს. ელენე ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს “ქართული ოცნების” უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას. ის ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის. მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართალი არ არის, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება რეჟიმს და არა კანონს. პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლესაც, რომელმაც სამართლის დაცვას მისი უგულებელყოფა არჩია. ისტორია ამ პერიოდს შეაფასებს, როგორც მორალისგან დაცლილი პოლიტიკისა და მორჩილების ეპოქას.
ელენეს საქმე დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. ევროპარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ელენე ხოშტარიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდებები - უსაფუძვლო, ხოლო მის მიმართ მოპყრობა - დამამცირებელი და არაჰუმანური.
ელენეს დაპატიმრებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ნამდვილ სახეს. ეს არის რეჟიმი რომელსაც ეშინია მისი ძალაუფლების არაღიარების, ხოლო ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ ძალადობრივ და დანაშაულებრივ გზას მიმართავს. ელენე დღეს წერს საქართველოს ისტორიას. ხოლო ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გვერდით ვდგავართ ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ელენესთვის, ყველა პოლიტპატიმრისთვის და თავისუფლება ჩამორთმეული თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს ღირსეული მომავლისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: თამუნა გამყრელიძე, თინა ბოკუჩავა, ნინო დოლიძე, მედეა მეტრეველი, თინა ბოლოკაძე, მარიამ კუკავა, ანა კობახიძე, ნანა ტოხვაძე, მარიკა არევაძე, ეკა მიშველაძე, სევდია უგრეხელიძე, ნინო გოგინაშვილი, ანა ჩიქოვანი, თამი ჟორჟოლიანი, ნანა მალაშხია, ნინო კვიტაიშვილი, ანი ქავთარაძე, სოფო ჯაფარიძე, რუსუდან თევზაძე, ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია და თეონა ჭალიძე.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.