ვერ გეტყვით, არის თუ არა ფავორიტი მეუფე შიო, მაგრამ ფაქტია, რომ პატრიარქმა ის მოსაყდრედ დანიშნა ჯერ კიდევ რვა წლის წინ და ალბათ, ამას გაითვალისწინებენ, - ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
ლევან აბაშიძის მოსაზრებით, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მშვიდად ჩაივლის.
„ჩემი აზრით, მშვიდად ჩაივლის. განსაკუთრებით ახლა, როცა ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი პატრიარქი იყო მშვიდობის მომხრე, მორიგების მომხრე. როდესაც მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, მე მგონია, რომ ესეც იმოქმედებს ყველაფერზე.
ჩემთვის საყვარელი თეოლოგი ამბობს, რომ როდესაც მიდიხარ ზიარებაზე, მაქსიმალურად უნდა მოემზადო, რომ ღირსეულად მიიღო ზიარება, მაგრამ საბოლოო ჯამში მომზადება სწორედ ის არის, რომ შენ უნდა გრძნობდე, რომ შენ არ ხარ ამის ღირსი, მაგრამ იღებ ამას ღმერთისგან. ასევე, მღვდელი, მღვდელმთავარი თუ პატრიარქი, საუკეთესო სწორედ ის არის, ვისაც გულწრფელად მიაჩნია, რომ ის არ არის ამის ღირსი.
ჩვენ ეკლესიაში ადამიანური პოლიტიკა შეგვაქვს, არის კიდეც, შედის კიდეც ეკლესიაში ადამიანური მომენტები, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტი, რომ შენ ღვთის ნებას უნდა ეძებდე და შენ უნდა დაიცადო, რომ შენით ღმერთმა იმოქმედოს. მითუმეტეს, თუ პატრიარქად აგირჩიეს“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.