„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება

„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამართულ კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთი საპანელო სესია - საქართველო საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე: ორი წარმატებული ევროობლიგაციის ტრანზაქციის მიმოხილვა - დაეთმო საქართველოდან საერთაშორისო ბაზრებზე ბოლოდროინდელი წარმატებული ევროობლიგაციების გამოშვების გამოცდილების განხილვას საქართველოს მთავრობის და სილქ როუდ ჯგუფის მაგალითზე.

სესიის ფარგლებში განხილული იყო ქართველი ემიტენტების პოზიციონირება საერთაშორისო ინვესტორებთან, მათი უკუკავშირი და ინტერესი ქვეყნის რისკების გათვალისწინებით. ასევე ყურადღება გამახვილდა ობლიგაციების გამოშვების პროცესზე, მის ძირითად გამოწვევებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე.

სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა კონფერენციაზე ისაუბრა იმ გამოცდილებაზე და პროცესზე, რომელიც წინ უძღოდა 2025 წლის სექტემბერში განხორციელებულ 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კორპორატიულ ემისიას საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტრანზაქციას ამ მიმართულებით. მისი თქმით, ინვესტორების მაღალი ინტერესი და ნდობა განაპირობა როგორც კომპანიის სტრატეგიულმა ხედვამ, ასევე ქვეყნის მიმართ მზარდმა ინტერესმა. ემისიის შედეგად მიღებული რესურსი კი კომპანიის ახალი პროექტებისა და განვითარების გეგმების დაფინანსებას მოხმარდება.

გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი:

ეს იყო ხანგრძლივი და საინტერესო გზა. სილქნეტი 2017 წელს შევიდა ობლიგაციების ადგილობრივ ბაზარზე და 2019 წელს საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა. შევიძინეთ დიდი გამოცდილება, დავიმსახურეთ ინვესტორების ნდობა და ავიმაღლეთ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. 2025 წელს წარმატებით გავედით საერთაშორისო ბაზარზე უკვე ჰოლდინგის დონეზე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით ინვესტორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვინარჩუნებდით გამჭვირვალე და სანდო კორპორაციულ მმართველობას, რაც საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორია.

გიორგი რამიშვილმა ჰოლდინგის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

ამჟამად ვიწყებთ რამდენიმე დიდ პროექტს. მათ შორის საქართველოში პირველ 3-დონიან სერტიფიცირებულ მონაცემთა ცენტრს 2 მეგავატის საწყისი სიმძლავრით ფრანგულ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან, ორანჟთან, პარტნიორობით, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა როგორც სილქნეტისთვის, ასევე ქვეყნისთვის. დავიწყეთ სილქ თაუერსის მშენებლობა ბათუმში, რომელიც უძრავი ქონების მასშტაბური პროექტია. საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების კონსორციუმთან ერთად მნიშვნელოვნად ვაფართოვებთ ჩვენს ენერგეტიკულ ბიზნესს. ვიწყებთ 200 მეგავატის სიმძლავრის განახლებადი ენერგიის პროექტს, რომლის ანონსირებას აპრილში ვგეგმავთ. საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის დიდი პოტენციალი აქვს, რაც სხვა სექტორების განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, მსოფლიოში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად. ახლა, როდესაც ეს კარი გავაღეთ, ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის ზრდას ძლიერი პარტნიორების, გამორჩეული გუნდისა და წარმატებასა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიზნესგარემოს პირობებში.

კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, საერთაშორისო ინვესტორები და სხვა კაპიტალის ბაზრის მონაწილე ინსტიტუტები, მათ შორის J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins და სხვა.

(R)

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს