ინგლისურის ხარისხი შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც იმ შინაარსს გადაფარავს, რაც იქ იყო - შინაარსი იყო ძალიან კარგი და ბრწყინვალე, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ში გამართულ სამიტზე, თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა უცხო ენის ფლობის დონე ვიღაცისთვის ქილიკის საგანია, მაგრამ მთავარი გამოსვლის შინაარსია.
„მთავარია, ამ გამოსვლის შინაარსი როგორია და შინაარსი იყო ძალიან კარგი და ბრწყინვალე. მესმის, რომ ვიღაცისთვის ქილიკის საგანია, ვიღაცა უცხო ენას რა დონეზე ფლობს, მაგრამ მთავარია შინაარსზე საუბარი. აქედან გამომდინარე ის, რომ მაგალითად, თქვენ თავის დროზე, არ მოგწონდათ ერთ-ერთი ქართველი ქალბატონის, პრეზიდენტის ქართული და ბოლოს ყველაფერი მოგეწონათ, ეს ყველაფერი არის ქილიკის ნაწილი. მთავარია შინაარსი, რაზეც საუბარი იყო. შინაარსი კარგი იყო, შინაარსი ყველამ კარგად გაიგო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველ ლედის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა შეძლო დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად ექცია.