ელენე ხოშტარიას 1.6 წლით ციხე მიუსაჯეს არა ბანერის დაზიანების გამო, არამედ იმიტომ, რომ არის „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსი - ამაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა, მონუმენტის დაზიანება, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე ციხეში მინიმუმ წელიწადნახევარი ან მეტი ხნით უნდა მჯდარიყო, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აცხადებს.
დათუნაშვილის თქმით, ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის სასჯელად 1.6-წლიანი ციხის მისჯა არსად ადეკვატური სასჯელი არ არის.
„ეს ადეკვატური სასჯელი არ არის არც რუსეთში, არც ჩრდილოეთ კორეაში და არც აფრიკის რომელიღაც მიყრუებულ დიქტატურაში. ელენე ხოშტარიას 1.6 წლით ციხე მიუსაჯეს არა ბანერის დაზიანებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკოსი და ოპოზიციურად განწყობილი “ქართული ოცნების“ მიმართ.
ამაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა მონუმენტის დაზიანება, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე ციხეში უნდა მჯდარიყო მინიმუმ წელიწადნახევარი ან მეტი, რადგან მან წარწერით მონუმენტი დააზიანა.
ამ ყველაფერს ზემოდან ემატება ის, რომ „ქართული ოცნების“ გონებაჩამორჩენილი სპიკერები ვერ მალავენ, რომ ელენე ხოშტარია ციხეში ზის პოლიტიკური ნიშნით და არა რაიმე დანაშაულის ჩადენის გამო“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხოშტარიამ 2024 წლის 14 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა - “რუსული ოცნება“ და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა. ხოშტარია სამართალდამცველებმა 15 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.