აშშ-ის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმის შესახებ ირანისგან ინფორმაცია არ მიგვიღია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენს ირანელ მეგობრებს მსგავსი ინფორმაცია არ გაუზიარებიათ. არ ვიცით, რამდენად სანდოა ეს ცნობები. არ ვიცით, სიმართლეა თუ არა ეს. ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა დიდი ნაწილი სიცრუეა, ამიტომ, ოფიციალური წყაროების მხრიდან დადასტურების გარეშე მათი შეფასება შეუძლებელია“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, დასავლურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.
გეგმის თანახმად, ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა დაასრულოს, ბალისტიკური რაკეტების პროგრამა შეზღუდოს და ასევე, რეგიონში მისი „პროქსი“ ძალების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.