მოტორიკის განვითარება ბავშვისთვის მხოლოდ ფიზიკური სიმარჯვე არ არის. ეს არის რთული ნეიროფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მეტყველების ჩამოყალიბებასთან, კოგნიტურ წინსვლასა და ემოციურ თვითრეგულაციასთან. მოტორული აქტივობები ზრდის ნეიროპლასტიურობას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და ბავშვს აძლევს საშუალებას, აიმაღლოს თვითშეფასება და შეიძინოს დამოუკიდებლობის განცდა. შესაბამისად, მოტორიკაზე ზრუნვა წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც ბავშვის ინტელექტუალური და ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობა შენდება.
არტი და კრაფტი, ძერწვა და ქვიშით თამაში საუკეთესო საშუალებაა ნატიფი მოტორიკისა და ტაქტილური შეგრძნებების გასაძლიერებლად. ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ხოხვა, ცოცვა და ბალანსირება, ხელს უწყობს ვესტიბულური აპარატისა და სხეულის აღქმის განვითარებას. ამ პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს ეკრანზე დამოკიდებულება, რაც საბოლოოდ უამრავ პრობლემასა და სირთულეს უკავშირდება. როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს მოტორიკის განვითარებაში და რა როლი აქვს ამ პროცესში მშობელს? - ამ კითხვებზე ბავშვთა ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი რუსო კილაძე გვესაუბრება.
რუსო, ვიდრე უშუალოდ მოტორულ განვითარებასა და ამ პროცესში მშობლის როლზე დავიწყებთ საუბარს, აგვიხსენით რა განსხვავებაა სენსორულ და მოტორულ განვითარებას შორის?
სენსორული განვითარება უფრო ფართო ცნებაა და სხვადასხვა მოდალობას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ ტაქტილური (შეხებითი) შეგრძნებები. მასში შედის ვესტიბულური აპარატი, სმენა, გემოვნება და ყნოსვა. მოტორიკა სენსორიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თუმცა თავად მოტორიკის განვითარების პროცესში სხვა სენსორული არხებიც აქტიურად არის ჩართული. ხელის მოტორიკა ამ დიდი სისტემის მხოლოდ ერთი, თუმცა უმნიშვნელოვანესი რგოლია.
რა ასაკიდან იწყება სენსორულ-მოტორული განვითარება?
ერთი წლის ასაკიდან ბავშვი უკვე მზად არის მარტივი ქმედებებისთვის, მაგალითად: ბალიშების ერთმანეთზე დალაგება, მათი გადმოყრა ან დიდი კუბებით თამაში. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი წვრილ მოტორიკაზე გადასასვლელად. ხშირად, როდესაც სამზარეულოში ვფუსფუსებთ და ბავშვი მარცვლეულით თამაშს იწყებს, არ უნდა დავუშალოთ. აკრძალვა ინტერესს უკარგავს და მას გაჯეტისკენ უბიძგებს. თუ რამეს დაყრის, ჯობია შემდეგ ერთად ავალაგოთ. ასე პასუხისმგებლობის გრძნობაც გამომუშავდება.
ასევე, არ უნდა დავუშალოთ ფეხშიშველი სიარული, რადგან ფეხის გულებზე მნიშვნელოვანი სენსორული რეცეპტორებია. ბავშვს სჭირდება ბუნებასთან, მიწასთან და ყვავილებთან კონტაქტი. ეს სიმშვიდისა და თვითრეგულაციისთვის აუცილებელია.
რა გავლენას ახდენს ეკრანი სენსორულ განვითარებაზე?
ეკრანი არა მხოლოდ მოტორიკის, არამედ მეტყველების შეფერხებასა და სოციალური უნარების დაქვეითებას იწვევს. მაგალითად, კვების დროს ტელეფონის ან ტელევიზორის ყურება დაუშვებელია, რადგან ორგანიზმი ვერ აღიქვამს ვერც დანაყრებას და ვერც საკვების გემოს. ეს იწვევს სწრაფი კვების პროდუქტებზე დამოკიდებულებას, რადგან ბავშვის სენსორები ისეა დაქვეითებული, რომ მხოლოდ ინტენსიური, მკვეთრი გემოების აღქმა შეუძლია.
ეკრანთან დამოკიდებულების პრობლემა ხშირად იქიდან იწყება, რომ მშობლებს არ გვცალია, ყველაფერს ვუშლით და თამაშში არ ვყვებით. ასე ვზოგავთ ენერგიას და დროს, რომელიც შემდეგ თამაშით არეული სახლის დალაგებას უნდა მოვახმაროთ. მუდმივი აკრძალვით ბავშვს ცნობისმოყვარეობა უქრება. მეორე მხრივ, ეკრანიდან მომავალი ინტენსიური შეგრძნებები იძლევა სწრაფ შედეგს, ცხოვრებაში კი მიზნის მისაღწევად ძალისხმევა და მოთმინებაა საჭირო. კომპიუტერული თამაშების ფონზე რეალური სამყარო უფერული ხდება, რაც ბავშვის თვითშეფასებას დაბლა სწევს და სიახლეების მიმართ შიშს უჩენს. ამიტომ, უნდა მივცეთ მათ ცდის, შეცდომისა და ხელახლა მცდელობის საშუალება.
რა არის არტი და კრაფტი და რატომ გახდა ეს მიმართულება ბოლო პერიოდში ასეთი აქტუალური?
ბოლო დროს ამ მიმართულების საჭიროებამ განსაკუთრებით წინ წამოიწია, რადგან ბავშვებში განვითარების დარღვევის ყველაზე ხშირ შემთხვევებს მეტყველების შეფერხება ან მოტორიკის განვითარების დეფიციტი წარმოადგენს. ეს ორი სფერო მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და თავის ტვინის ფუნქციონირებასთან. თითების გავარჯიშება ზრდის ნეიროპლასტიურობას, რაც აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციასა და ემოციური თვითრეგულაციის უნარს. გარდა ამისა, ხელსაქმე ავითარებს კრეატიულობას, შემოქმედებით აზროვნებასა და თავისუფლების შეგრძნებას. ამ პროცესს ნებისყოფა სჭირდება, რაც ბავშვს იმპულსურობის კონტროლსა და ჰიპერაქტივობის შემცირებაში ეხმარება.
რა როლს ასრულებს ხელსაქმე თვითშეფასების ჩამოყალიბებაში? რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ამ პროცესში და უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს სრული დამოუკიდებლობა?
აქ გადამწყვეტია ჩარევის ხარისხი. თუ ბავშვი იწყებს აქტივობას, მაგრამ პირველივე სირთულესთან ნებდება, მშობლის მხარდაჭერა აუცილებელია. ეს არა ჩარევა, არამედ თანადგომაა. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მშობელთან ერთად ცდის შედეგად რაღაც გამოუვიდა, მისი თვითშეფასება იზრდება. ეს გამოცდილება მას მომავალში ბაღსა თუ სკოლაში ადაპტაციაში დაეხმარება.
სამი წლის ასაკიდან უკვე შეგვიძლია მიზანმიმართული აქტივობების შემოტანა, როგორიცაა თიხის ძერწვა, მარტივი მოზაიკის აწყობა ან ფიგურების დამზადება. თვალისა და ხელის კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ნიმუშის მიხედვით მუშაობა ძალიან სასარგებლოა. ჰიპერაქტივობის დროს სწორედ ეს კოორდინაციაა დარღვეული. საწყის ეტაპზე საპნის ბუშტების ხელით გახეთქვაც კი იდეალური სავარჯიშოა ამ უნარის გასავითარებლად.
როგორ დავეხმაროთ შვილს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში ზეწოლის გარეშე?
მნიშვნელოვანია, შეთავაზებული აქტივობა ბოლომდე მივაყვანინოთ. ხშირად, როცა ბავშვს რაღაც არ გამოსდის, ბრაზდება, ფურცელს კუჭავს და ისვრის. მშობლებს კი შვილის ბრაზთან გამკლავება გვიჭირს. ასეთ დროს აუცილებელი არ არის ბრაზში ჩავერთოთ, უბრალოდ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ვართ და ნებისმიერ მდგომარეობაში გვიყვარს. ამით საკუთარ ემოციებთან გამკლავებასაც მივაჩვევთ. დამშვიდების შემდეგ კი დაწყებული საქმის სხვაგვარად ცდას, მის ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვას და საბოლოო შედეგამდე მისვლას ვთავაზობთ.
როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს მოტორული უნარები დარღვეული აქვს და სპეციალისტის ჩართულობაა საჭირო?
მოტორიკის შეფერხებას ხშირად მეტყველების დარღვევაც ახლავს. თუ ორი წლის ასაკში ბავშვი ვერ ახერხებს თიხაზე ან პლასტილინზე ხელის მოჭერას და მის დამუშავებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მას დახმარება სჭირდება. თუმცა, ეს საგანგაშო არ არის. მუშაობის შედეგად დარღვევის აღდგენა შესაძლებელია მის თავიდან ასარიდებლად კი მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდანვე შევთავაზოთ რბილი პლასტილინზე მუშაობა. ეს უნდა იყოს მასზე უბრალოდ ხელის დაჭერა და შეგრძნებების შეცნობა. ერთი წლის ბავშვს ფიგურების გამოძერწვას არ ვთხოვთ, უბრალოდ მასალაზე ხელის დაჭერასა და შეხებას ვასწავლით. ასევე, ფერებისა და ფორმების მიხედვით ნივთების დახარისხება ერთ-ერთი საუკეთესო მარტივი სავარჯიშოა.
(R)