თინა ხიდაშელი - ვიზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ფონზე რამდენად წარმოსადგენია რაიმე კარგი მოხდეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში? - ამ ურთიერთობის გარეშე უბრალოდ ვერ გადავრჩებით

საქმე მხოლოდ ვიზებში არ არის, საქმე იმაშია, რომ საქართველოს პრესტიჟი ამით უკიდურესად შეილახა, როგორც ქვეყნის და მოხდა მისი მნიშვნელოვნად ჩამოქვეითება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომელთა მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ.

ხიდაშელის თქმით, საქართველო დაუბრუნდა ათი და თხუთმეტი წლის წინანდელ მდგომარეობას, როდესაც მოქალაქეები ერთჯერად ვიზებს იღებდნენ.

„გასულ კვირას ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ქართულმა საზოგადოებამ იცის ძალიან მძიმე გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველო, ალბათ, ყველაზე უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებთან ერთად აღმოჩნდა. უფრო მეტწილად აფრიკულ ქვეყნებთან ერთად - სადაც სიღარიბის ხარისხიც უფრო მაღალია, სადაც კრიმინალი უფრო მაღალია, სადაც ძალიან მძიმე სოციალური ფონი და მდგომარეობაა, საქართველო, სამწუხაროდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალში არის და საქართველოს მოქალაქეების მიერ ამერიკის ვიზის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელ პირობებში გადავიდა. დავბრუნდით ათი და თხუთმეტი წლის წინანდელ მდგომარეობაში, როდესაც ერთჯერად ვიზებს იღებდნენ ქართველები და ამას დაემატა ის, რომ 15 ათას დოლარიანი ბონდის დადება მოუწევთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუ გადაწყვეტენ, რომ ტურისტულად გაემგზავრონ ამერიკაში.

აქ ვიზებში არ არის მხოლოდ საქმე და ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ სირთულეში, აქ საქმე იმაშია, რომ საქართველოს პრესტიჟი ამით უკიდურესად შეილახა, როგორც ქვეყნის და მოხდა მისი მნიშვნელოვნად ჩამოქვეითება. ამ ფონზე რამდენად წარმოსადგენია, რაიმე კარგი მოხდეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში?“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის საქართველოში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტები რამდენიმე ამოცანას ემსახურება. ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარკვეული სტაბილიზაცია მოხდება.

„ძალიან კარგია ეს ვიზიტი. ასეთი ვიზიტები რამდენიმე ამოცანას ემსახურება ხოლმე. ხშირად ის არის რუტინული, დაგეგმილი, რომელიც რაღაც პერიოდულობით ხორციელდება სხვადასხვა ქვეყანაში. მოდით, იმედი დავიტოვოთ, რომ ამ რუტინის მიღმა კიდევ რამე იქნება იმიტომ, რომ მე იმ ხალხს ვეკუთვნი, რომელიც მოწადინებულია და გულწრფელად გაუხარდება, თუ კი რაიმე ტიპის სტაბილიზაცია მოხდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამ ურთიერთობის გარეშე ჩვენ უბრალოდ ვერ გადავრჩებით“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს