ეკა ბესელია - მოქმედებით უნდა გამოიხატოს, როგორ მიჰყვება „ქართული ოცნება“ პატრიარქის გზას, პირველივე განაჩენი სასტიკი და უსამართლო იყო

მოქმედებით უნდა გამოიხატოს ის, თუ როგორ მიჰყვება „ქართული ოცნება“ პატრიარქის გზას. პირველივე განაჩენი სასტიკი და უსამართლო იყო, რომელიც სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ერთი კეთილი ნება უნდა ეჩვენებინა და გაეთავისუფლებინა „უსამართლოდ დატყვევებული ადამიანები“, რათა გამოეხატა პატრიარქის თანხმობის იდეის პატივისცემა.

„სამებაში გამოსვლები გადააქციეს პარტიულ შეკრებად. სიონში არცერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანი არ იყო. მესმის, რომ ადგილის სიმცირე იყო, მაგრამ არ შეიძლებოდა ისევ პარტიული შემადგენლობა ყოფილიყო, მაშინ, როდესაც ითქვა, რომ სასულიერო პირების ნაწილი იქებოდა. ეს არ იყო ის იდეა, რომელსაც პატრიარქი ატარებდა თავისი ერთიანობით.

ფარისევლური სახით მგლოვიარე და მწუხარე სახის მიღება არ არის პატრიარქის პატივისცემა. ორი დღის მერე კი ასეთი განაჩენი გამოაქვთ, როგორიც ელენე ხოშტარიას მიმართ გამოიტანეს. არცერთი პატიმრისთვის არ მოუცლიათ ამ დრომდე. ერთი ჟესტი გაეკეთებინათ, ერთი კეთილი ნება ეჩვენებინათ და გამოეშვათ უსამართლოდ დატყვევებული ადამიანები, ამით მაინც გამოეხატათ პატრიარქის თანხმობის იდეის პატივისცემა“,- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ქართულ ეკლესიას დიდი ძალა აქვს, რაც სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული.

„საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც უნიკალური მოვლენა. ერის გამაერთიანებელი კოდი იყო, რომელიც პატრიარქმა გააცოცხლა, ამ უიმედო საზოგადოებაში. ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯვარსაც არ ატარებენ, საათობით იდგნენ რიგში.

ქართულ ეკლესიას დიდი ძალა აქვს და ეს სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული. ვისურვებდი, რომ ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით არ დაიღალონ, რადგან ეს აუცილებელია.

მოქმედებით უნდა გამოიხატოს ის, თუ როგორ მიჰყვება „ქართული ოცნება“ პატრიარქის გზას. პირველივე განაჩენი სასტიკი და უსამართლო იყო, რომელიც სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა ბესელიამ.

გარდა ამისა, ბესელიამ გაიხსენა პერიოდი, როცა მუშაობდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონზე.

მისივე თქმით, ილია II თავდაპირველად მოუწოდებდა პარლამენტს, არ ეჩქარა კანონის მიღება, თუმცა პირადი შეხვედრის შემდეგ, ბესელიას თქმით, მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპული გზის ინტერესებიდან უნდა მიღებულიყო.

„ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი, რაც მახსენდება, იყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ეს მექანიზმი აუცილებლად იყო შესაქმნელი იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესძლებოდათ ქვეყნიდან ვიზის გარეშე გასვლა. სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი ამ კანონს უპირისპირდებოდნენ. ეგონათ, რომ თითქოს, ეს კანონი ქრისტიანულ პრინციპებს ეხებოდა. მაშინ, სასულიერო პირების ნაწილთან შეხვედრები დამჭირდა და ახსნა იმისა, რომ კანონი ძალადობას ემიჯნებოდა. ის, რაც პირველ კონსტიტუციაში გვეწერა, იმ იდეის გაგრძელება იყო. რთული იყო იმ ადამიანებთან საუბარი, ვინც ამ კანონს უპირისპირდებოდნენ.

საზოგადოების ნაწილი ამ პროტესტს აჰყვა, რადგან საქართველოს ეკლესიას დიდი გავლენა აქვს. მაშინ, როდესაც საპატრიარქოს ნაწილი ღიად გამოდიოდა ამ კანონის წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა საზოგადოებაზე გავლენა.

ძალიან გამართული და კონსტიტუციის შესაბამისი კანონი იყო, მაგრამ ამ ადამიანებისთვის ამის ახსნა ძალიან რთული იყო. მაშინ პატრიარქმაც გააკეთა ღია განცხადება და პარლამენტს მიმართა, რომ არ იჩქაროთ ამ კანონის მიღებაო. პატრიარქმა ეს განცხადება რომ გააკეთა, მაშინ ვთქვი, მოდი, კარგად ავუხსნათ ამ ადამიანებს რას ვაკეთებთ. შემდეგ შევხდი პირადად. არც კი დამჭირდება წუთები, ავუხსენი და როგორც კი ვუთხარი რამდენიმე პრინციპი თუ რისთვის იყო ეს საჭირო, არც კი დამასრულებინა და მითხრა - „როგორც საქართველოს სჭირდება, თავისი ევროპული გზისთვის, ისე უნდა გადაწყვიტოთ“. ეს იყო ფრაზა, რომელმაც ჩემთვის კონფლიქტი დაასრულა. მივიღეთ ის კანონი, რა თქმა უნდა. მაინც მოჰყვა კრიტიკა, სამწუხაროდ, ბევრს წაკითხულიც კი არ ჰქონდა“,- განაცხადა ბესელიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს