ვიდრე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების ამნისტიაზე ან შეწყალებაზე საუბარი დაიწყება, უნდა ვიხილოთ "მონანიება და აღიარება". შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში გააკეთა.
კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებულ კითხვას და განაცხადა, რომ "უნდა იყოს შესაბამისი მიმართვა და თხოვნა".
ასევე, პრემიერი ფიქრობს, რომ მათ "უნდა გადახედონ საკუთარ პოზიციას და თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე".
"ამ თემაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია. აქ მთავარი პრობლემა რა არის, რომ ზუსტად ამ ადამიანებმა ე.წ. პოლიტიკურმა ლიდერებმა, აქტივისტებმა, "ენჯეო" აქტივისტებმა ახალგაზრდებს - ძირითადად ახალგაზრდები არიან - ჩაადენინეს კონკრეტული დანაშაული, ჩართეს ძალადობრივ, რევოლუციურ პროცესებში, შესაბამისად, მათ სიტყვებს არაფერი ფასი არ აქვს. თვითონ არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ახალგაზრდები ჩართეს, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩართეს დანაშაულებრივ ქმედებებში კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს.
ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, იგივე ამნისტიასთან, შეწყალებასთან, ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით და ვთქვით ერთი რამ, რომ ვიდრე რაიმეზე დაიწყება საუბარი, უნდა ვიხილოთ მონანიება, უნდა ვიხილოთ აღიარება და შესაბამისი მიმართვა და თხოვნა" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან განმარტა, თუ რისთვის არის "ეს აუცილებელი" .
"ჩვენთვის ხომ არ არის თვითმიზანი, რომ ვიღაცამ ბოდიში მოიხადოს, აღიაროს, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოს", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში 4 წელიწადში გვქონდა რევოლუციის 5 მცდელობა, საიდანაც "4 იყო ძალადობრივი".
"ხომ არ შეიძლება მუდმივად ამ რეჟიმში ვაცხოვროთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ეს არის სუფთა პრაგმატული საკითხი: ვიდრე არ არის აღიარება, ვიდრე არ არის მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასთან თუ ამნისტიასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა გადახედონ საკუთარ პოზიციას და თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა" - განაცხადა კობახიძემ.