ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026

“საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა

ახალი ნიურნბერგი? - ევროკავშირი უკრაინის აგრესიის ტრიბუნალში ერთვება

ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ

* * *

“საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა

“თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასამართლო პროცესი გაიმართა, დაცვისა და ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვები წარადგინეს, მტკიცებულებათა კვლევა კი შემდგომი პროცესებიდან დაიწყება, როცა დაიკითხებიან პირები. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნის საკითხზე არ დააკმაყოფილა, შესაბამისად პროცესი დახურულ რეჟიმში დარჩა. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს რომ პოლიტიკოსების დაკავებების მორიგი სერია ვიხილოთ. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომების დასრულებამდე დაკავებების სერია მოსალოდნელი არაა და შესაძლოა ეს ამის შემდეგ ვიხილოთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ე.წ. საბოტაჟის საქმე და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა.

“არაფერია გამორიცხული, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერზე მიდის, მისთვის ყოველ შემთხვევაში, პროგრამა მინიმუმი აღნიშნული პოლიტიკოსების დისკრედიტაციაა. ზეწოლასაც ახორციელებენ, რომ ამ ადამიანებს, ვინც გამოუშვეს და გარეთაა, როგორმე პოლიტიკური აქტიურობა შეაწყვეტინონ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დასავლეთისთვის გარკვეული სიგნალიც იყოს - რამდენადაც შემოიღებთ სანქციებს, ჩვენ ამ საპასუხო ზომებს მივმართავთ, ამიტომაც სჯობს სანქციები ჩვენს წინააღმდეგ არ აამოქმედოთ, თორემ გვაქვს რესურსი უარესი გავაკეთოთო - შეიძლება ეგეცაა”, - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე. “აქამდე დამატებით თუ არავინ არ დააკავეს, ახლა როგორი ახალი მტკიცებულება, რა უნდა გამოჩნდეს, რომ დაკავებების სერია იყოს. მაგრამ სასამართლო სხდომების შემდეგ, ეს სავსებით დასაშვებია, რადგან საბოტაჟი ძალიან სერიოზული ბრალდებაა და აქ მე რაც ვიცი, ყველაფერი სახეზეა”, - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომლის თქმით, “დაფიქსირებული აქვთ, რომ საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ შემდგარი ფაქტია, რაც მე ვიცი. ვნახოთ რა იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული. “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომები სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რადგან “თუ გახსნიან, საზოგადოება ნახავს, რომ საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან და არა სამართლებრივ პროცესთან”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოსამართლემ სხდომის გახსნაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან ამ საქმეს შინაარსი არ აქვს. უბრალოდ, სურთ, რომ ადამიანები, ვინც საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ამ ქვეყანაში კარგი ცხოვრებისთვის ვიბრძვით, გვაწვალონ და სასამართლო სხდომებზე გვატარონ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ელენე ხოშტარიას, 4 შვილის დედას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს არაფრის გამო, ამიტომ არაფერი გვიკვირს, რაც ხდება ამ ქვეყანაში. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც არ სურს, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელოთ განვითარების გზა, არ სურს, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს პერსპექტივა”, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის განმარტებით, “ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი არის კონსოლიდაცია, ერთად დგომა, იმისთვის რომ საქართველო დავაბრუნოთ განვითარების გზაზე, ვიყოთ რეგიონის ლიდერები, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით და რაც მთავარია, ეს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის, გადავლახოთ ერთხელ და სამუდამოდ”, - დასძენს გამოცემა.

ახალი ნიურნბერგი? - ევროკავშირი უკრაინის აგრესიის ტრიბუნალში ერთვება

“ევროკომისიამ დაიწყო პროცესი, რომლის შედეგადაც ევროკავშირი შესაძლოა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე შექმნილი სპეციალური ტრიბუნალის დამფუძნებელი წევრი, როგორც ევროკომისარი კაია კალასი ამბობს, სამართლიანობის აღდგენა, ასევე, პოტენციური აგრესორებისთვის შემაკავებელი ფაქტორია. უცხოური გამოცემები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს ნიურბერგის პროცესებსაც ადარებს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სისხლის სამართალს. მსგავსად ნიურნბერგისა, ახალი ტრიბუნალიც მიზნად ისახავს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისმგებლობის დაყენებას ომის დაწყებისთვის - ე.წ. აგრესიის დანაშაულისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი ნიურნბერგი? - ევროკავშირი უკრაინის აგრესიის ტრიბუნალში ერთვება.

“თუმცა, განსხვავებით 1945 წლის რეალობისგან, როდესაც დამარცხებული რეჟიმის ლიდერები უკვე დაკავებულები იყვნენ, თანამედროვე ტრიბუნალი იქმნება მოქმედი კონფლიქტის პარალელურად და იმ პირობებში, როდესაც მისი პოტენციური ბრალდებულები კვლავ ხელისუფლებაში იმყოფებიან. თუმცა, ჯერჯერობით ისევ ბევრ კითხვას ბადებს, შეუერთდებიან თუ არა ამ ინიციატივას ევროკავშრის წევრი სახელმწიფოები. ევროკომისიის ინფორმაციაში ვკითულობთ, რომ, როგორც კი წევრი სახელმწიფოები დაამტკიცებენ აღნიშნულ წინადადებას, ევროკომისია შეძლებს, გამოაცხადოს ევროკავშირის განზრახვა, შეუერთდეს ტრიბუნალს, როგორც დამფუძნებელი წევრი. ამის შემდეგ კი ევროკავშირი ცენტრალურ როლს შეასრულებს ტრიბუნალის საქმიანობაში, მათ შორის, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი, რომელიც სპეციალურ ტრიბუნალს უხელმძღვანელებს. “სპეციალურ ტრიბუნალს ექნება მანდატი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელოს მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ. ის იქმნება ევროპის საბჭოს ფარგლებში, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 25 ივნისს უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ხელი მოეწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას”, - აღნიშნულია ევროკომისიის ინფორმაციაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აგრესიის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა. სამართლიანობის აღდგენა, ასევე, შემაკავებელი ფაქტორია პოტენციური აგრესორებისთვის. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სამართალი ისტორიულად დიდი ზეწოლის ქვეშაა, სწორი რეაგირება მეტი პასუხისმგებლობაა და არა ნაკლები. სამართლებრივი პროცესის დაწყება - როგორც ახლა უკრაინის შემთხვევაში ვაკეთებთ - დროს, ძალისხმევას და მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს, მაგრამ ღირს”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა. ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირმა წამყვანი როლი შეასრულა სპეციალური ტრიბუნალის დამფუძნებელი სამართლებრივი ტექსტების შემუშავებაში, რომლებიც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციამ 2025 წლის 9 მაისს პოლიტიკურად დაამტკიცა”, - განაგრძობს გამოცემა.

ევროკავშირი ტრიბუნალის მოსამზადებელ გუნდს 10 მილიონი ევროს ოდენობით აფინანსებს. “კომისია ასევე მხარს უჭერს აგრესიის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის აღებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით და 10 მილიონი ევროს შენატანის გაღებას სპეციალური ტრიბუნალის წინასწარი მომზადების ჯგუფისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსენტმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ტრიბუნალის სრულფასოვანი ამოქმედება საბოლოოდ “სახელმწიფოთა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული”, - დასაძენს გამოცემა.

ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ

“იმპორტულ ხორბალს ქართული პროდუქტი კონკურენციას ვერც ფასის მხრივ უწევს და ვერც ხარისხითაც. ახლა, როცა შედარებით იაფი რუსული ხორბალი შემოდის ქვეყანაში, ქართველ ფერმერებს შარშანდელი მოსავლის გაყიდვა განსაკუთრებით უჭირთ. შესაბამისად, ისინი ითხოვენ იმპორტირებულ მარცვლეულზე გადასახადის დაწესებას, რასაც მეპურეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება პური გააძვიროს, რაც ბაზრისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება. ამ ეტაპზე 1 კგ ადგილობრივი ხორბლის ფასი, საშუალოდ, 60 თეთრს შეადგენს, რაც ფერმერების თქმით, თვითღირებულებაზე დაბალია. ამასთან დაკავშირებით ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოსავალია ხორბალზე დაწესდეს დამატებით გადასახადი, ვიდრე რუსეთი თავად არ აღადგენს საექსპორტო ბეგარას. ეს დააბალანსებს სამივე მხარეს: პურის ფასი დარჩება სტაბილური, წისქვილები იმუშავებენ და ადგილობრივი ფერმერიც გადარჩება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ / მეპურეები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პური გაძვირდება, ბაზარზე კონკურენცია საბოლოოდ მოისპობა და ხარისხი დაეცემა.

“როდესაც ორი წლის წინ კრიზისი იყო, ფქვილზე, ქატოსა და ქერზე საბაჟო გადასახადის შემოღებამ დარგი გადაარჩინა. დღეს 1 ტონა ფქვილზე 300 ლარია დაწესებული, ქატოსა და ქერზე კი - 200-200 ლარი, თუმცა ხორბალზე ასეთი გადასახადი არ გვაქვს. იმის გამო, რომ რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებელი მინიმუმამდე დაიყვანა, ჩვენი ფერმერები კონკურენციას ვეღარ უძლებენ. გამოსავალია, რომ ხორბალზეც დაწესდეს შესაბამისი საფასური, ვიდრე რუსეთი თავად არ აღადგენს საექსპორტო ბეგარას. ამით პურის ფასი დარჩება სტაბილური, წისქვილები იმუშავებენ და ადგილობრივი ფერმერიც გადარჩება”, - აღნიშნა ბენიაიძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში წლებია სერტიფიცირებული სათესლე მასალა დიდი რაოდენობით არ შემოსულა, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობასა და ხარისხზე. მის პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, რომლის განცხადებითაც, დღეს, როცა ხელისუფლება ფასების კლების გზებს აქტიურად ეძებს, ხორბლის იმპორტისთვის გადასახადის დაკისრება წარმოუდგენელია, რადგან ასეთი ნაბიჯი პურის გაძვირებას გამოიწვევს. ფერმერების დახმარების ერთ-ერთ შესაძლებლობად დოლიძე დარგის სუბსიდიას განიხილავს და ამბობს, რომ შესაძლებელია, მთავრობამ ისეთი მექანიზმი შეიმუშავოს, რაც თავის დროზე მეღვინეებისა და მეციტრუსეების მხარდასაჭერად გაკეთდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“,პროდუქტების გაიაფებაზეა საუბარი და ასეთ ვითარებაში მეხორბლეები გადასახადის გაზრდას ითხოვენ. 200 ათასი ტონა ხორბალი მოიწიეს, რაც კარგი მაჩვენებელია, ჩასაბარებელი ხორბლის ფასი იყო 70 თეთრი, მაგრამ სულ 30 ათასი ტონა გაყიდეს. დანარჩენი შეინახეს, რადგან უკეთესი ფასის მოლოდინი ჰქონდათ. ამ დროს გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ომი დაიწყო, დაპირისპირებამ იჩინა თავი, რის გამოც მოხდა პირიქით და რუსული ხორბლის ფასი 60 თეთრი გახდა. ამან ქართველი ფერმერები ძალიან შეაშფოთა, ვინაიდან ჩაუბარებელი პროდუქცია დარჩა. უნდა ითქვას, რომ პურის ცხობისთვის რუსული ხორბალი გაცილებით უკეთესია, მაღალი წებოვანებით, შესაბამისად, ქართული ხორბლის გაყიდვა ჭირს. სუბსიდიით თუ სხვა მექანიზმით თუ დაეხმარებიან ფერმერებს, კარგი იქნება, გადასახადის დაწესება მიუღებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მალხაზ დოლიძე.

“საქართველოს წლიურად სჭირდება 600 ათასი ტონა ხორბალი და 200 ათასს აწარმოებს, აქედანაც მხოლოდ 30 ათასი ტონა ჩააბარეს. ხელოვნურად არ უნდა დავძაბოთ სიტუაცია. საბაზრო ეკონომიკას ვუჭერ მხარს, მოთხოვნა-მიწოდება თვითონ მართავს ფასს, არც უნდა დასმულიყო გაძვირების საკითხი, ეს არის შეცდომა. შეიძლება დახმარება ითხოვო, მაგრამ არა ის, რომ პროდუქცია ხელოვნურად გაუძვირონ მომხმარებლებს, ისედაც ჭირს მაღალი ფასების გამო. რაც შეეხება კონკრეტულად პურს, არავითარ გაძვირებაზე საუბარი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოდ მოიმატებს ენერგომატარებელბის ტარიფი, პურის ფასს მაინც შევინარჩუნებთ, ოღონდ ხელოვნურად ნუ ჩაერევიან ნედლეულის ღირებულებაში”, - ამბობს მალხაზ დოლიძე. რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პოზიციას, მზად არიან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთონ. ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას თქმით, შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალია, რომ სეზონზე იმპორტირებული ხორბლის შემოტანა შეიზღუდოს, რასაც გარკვეული რისკიც ახლავს, თუმცა ჯერჯერობით ესეც ვარაუდის დონეზეა”, - განაგრძობს გამოცემა.

“როცა მსგავსი საკითხი წამოიწევს, სიღრმისეული განხილვა უნდა მოხდეს. აღნიშნული თემა მიბმულია სხვადასხვა სექტორთან და ყველას განსხვავებული პოზიცია აქვს. სავარაუდოდ, ასოციაციას აქვს გათვლა, რომ საიმპორტო ხორბალს გადასახადი დაუწესდეს, რათა ადგილობრივი უფრო მაღალ ფასად ჩაბარდეს. ეს საფრთხილო საკითხია, რადგან არ ვიცით, რა იქნება მომავალში. აქვთ ასევე წინადადება, რომ სეზონზე იმპორტირებული ხორბლის შემოტანა შეიზღუდოს. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ წისქვილკომბინატებზე გაიყიდება ხორბალი და დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნება. ეს საკითხიც შესასწავლია. ჩვენი ასოციაცია მზადაა, ნებისმიერ საკითხზე ჩერთოს კონსულტაციაში და ერთიან აზრამდე მივიდეთ. ჯერჯერობით მაინც წინადადების დონეზეა და განხილვა არ დაწყებულა. თუკი მიგვიწევენ, ჩვენს პოზიციას დავამუშავებთ და წარვადგენთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან სილაგავა.

“ცნობისთვის, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით. შარშან ქვეყანაში იმპორტირებული იყო 515 719 ტონა ხორბალი, რომლის ღირებულებამ 128.5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2024 წელს კი იმპორტი 326 486 ტონას და 76.1 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, 2025 წელს ხორბლის იმპორტი ღირებულებით 68.7%-ით, ხოლო მოცულობით 57.9%-ით გაიზარდა. იმპორტის მომწოდებლებს შორის წამყვან პოზიციას კვლავ რუსეთი იკავებს - 405 018 ტონა ხორბალი, 102.2 მილიონი დოლარის ღირებულებით. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც 110 447 ტონა ხორბალი, 26 მილიონ დოლარად შემოვიდა. დანარჩენი ქვეყნების წილი შედარებით მცირეა”, - დასძენს გამოცემა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს