როდესაც მოხდება ზიანის ანაზღაურება და იქნება მზაობა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არცერთი ბრალდებულის მიმართ არანაირი კონკრეტული პირობა არ არის გადაწყვეტილი.
„რაიმე კონკრეტული პირობა არ არის გადაწყვეტილი, არც გიორგი ხაინდრავას და მითუმეტეს, არც სხვა ბრალდებული პირების მიმართ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე აპირებს საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ ამას მისი ადვოკატები დიდი ხნის განმავლობაში აჟღერებენ, შესაბამისად ამ ეტაპზე ვერცერთ დეტალს ვერ ვიტყვი, რადგან მსგავსი რამ ჯერ განხილვაშიც არ არის. ვინაიდან არ მოუმართავთ ჩვენთვის და არ უღიარებიათ დანაშაული, არანაირი მსჯელობა არ ყოფილა.
საპროცესო კოდექსი მოითხოვს ბრალის აღიარებასა და სასჯელზე შეთანხმებას. საქართველოს პროკურატურის პოზიციაა, რომ რა თქმა უნდა, ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს. მოცემულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანი 7 მილიონამდე ლარს შეადგენს. როდესაც მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება და იქნება მზაობა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მხოლოდ აღიარება და მომართვა არ ცვლის ყველაფერს, შეთანხმება უნდა მოხდეს მხარეებს შორის, თუმცა შესაძლებელია ბრალდებული აღიარებდეს დანაშაულს და ზიანიც ჰქონდეს ანაზღაურებული, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ვერ გაფორმდეს შეთანხმება",- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.