საქართველოს პარლამენტს წერილობით მივმართეთ ალტერნატიული წინადადებით, რომელიც სოციალურად სამართლიანი და ეკოლოგიურად გამართლებული, დაბალანსებული მოდელია და გულისხმობს 0-დან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ წლოვანებით კატეგორიაში მოხვედრილი ავტომობილები სრულად შეესაბამება ევრო 6-ის სტანდარტს, რაც ეკოლოგიისთვის და საგზაო მოძრაობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო ტრანსპორტს წარმოადგენს.
„კვერცხის ფასთან დამარცხებული „ოცნება“ და ირაკლი კობახიძე ახალი კანონპროექტით საქართველოს ისედაც გაღარიბებულ მოქალაქეებს ცხოვრების პირობებს კიდევ უფრო უმძიმებს და მანქანებთან წვდომას უზღუდავს, რაც ამ ქვეყანაში პირდაპირ დაკავშირებულია ცხოვრებისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნასთან. კრიტიკულად საგანგაშოა, რომ ამ გადაწყვეტილებას ექნება მკვეთრად ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური შედეგები. დაზიანდება თვითდასაქმების მთელი სექტორი: ტაქსის მძღოლები, კურიერები და მცირე დისტრიბუტორები, რომლებიც სწორედ ხელმისაწვდომ მეორად ავტომობილებს იყენებენ შემოსავლის მისაღებად და ოჯახების სარჩენად.
„6 - წლიანი ბარიერი“ ამ ადამიანებს შრომის ბაზართან წვდომას ურთულებს, რაც გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, სიღარიბის გაღრმავებას და პროდუქტების ფასების ჯაჭვურ მატებას. აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს არა ეკოლოგიურ ან ურბანულ ზრუნვას, არამედ პირდაპირ სოციალურ დისკრიმინაციას თან მაშინ, როცა „ოცნების" დეპუტატები და მთავრობის წევრები 200 000$-იანი მანქანებით თავად გადაადგილდებიან.
კობახიძე პირდაპირ გვეუბნება, რომ საქართველოში მანქანებით გადაადგილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მდიდრებისთვის და „ოცნებასთან“ დაახლოებული პირებისთვის. ხოლო დანარჩენმა მოსახლეობამ ფეხით უნდა ვიაროთ, ან იმ სოციალური ტრანსპორტით, რომელიც „ოცნების“ პირობებში არ არსებობს და ვერც იარსებებს.
„ოცნების“ არგუმენტაცია, რომ ახალი ავტომობილები კონსტრუქციულად უსაფრთხოა და საგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს, რეალობას აცდენილია, რადგან იმისათვის, რომ მოქალაქემ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით შეინარჩუნოს წვდომა ტრანსპორტთან, მოუწევს კონსტრუქციულად დაზიანებული, ჩაკერებული, გადაწყობილი ახალი ავტომობილების ყიდვა, ვინაიდან მსგავსი მძიმე დაზიანებებით ახალი მანქანები გაცილებით იაფია, თუმცა დიდი საფრთხის შემცველია საგზაო მოძრაობისთვის.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს წერილობით უკვე მივმართეთ ალტერნატიული წინადადებით, რომელიც სოციალურად სამართლიანი და ეკოლოგიურად გამართლებული, დაბალანსებული მოდელია და გულისხმობს 0-დან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას. ამ წლოვანებით კატეგორიაში მოხვედრილი ავტომობილები სრულად შეესაბამება ევრო 6-ის სტანდარტს, რაც ეკოლოგიისთვის და საგზაო მოძრაობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო ტრანსპორტს წარმოადგენს; მოსახლეობას კი ვიხსნით სოციალური სიდუხჭირისგან, უსამართლობისგან და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების უფლების შეზღუდვისგან.
თუკი „ოცნების“ გულისტკივილი არ არის ფარსი და არ ემსახურება საკუთარი ძვირადღირებული ავტომანქანებით გზებზე შეფერხების გარეშე გადაადგილების უზრუნველყოფას, ან ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის წახალისებას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მათ სხვა ლოგიკური გზა და ახსნა არ რჩება, გარდა იმისა, რომ მიიღონ ჩვენი ალტერნატიული წინადადება“, - განაცხადა ფილფანმა.