საქართველოს საკონსტიტუციო პლენუმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

2026 წლის 26 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45(1) მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1(1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე (კონსტიტუციური წარდგინებები №1914, №1920, №1921, №1922, №1928 და №1938). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

გასაჩივრებული რეგულაციების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45(1) მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან/და გადაგზავნას), სავალდებულო წესით ითვალისწინებს – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლის ვადით ჩამორთმევას.

"კონსტიტუციური წარდგინებების ავტორთა პოზიციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები არ შეესაბამება სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმესა და მისგან მომდინარე ან მოსალოდნელ საფრთხეებს. ამასთან, მათი ავტომატური და აბსოლუტურად განსაზღვრული ხასიათი გამორიცხავს სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებულ და განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებული კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა მიმართულია მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, ვინაიდან მომეტებული საფრთხის წყაროა და მოითხოვს მუდმივ სიფხიზლესა და სამართლებრივი წესების მკაცრ დაცვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ემსახურება ძალადობის პრევენციასა და იარაღის ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებართვის საფუძველზე განხორციელებადი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფას. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება განათლების სივრცის დაცვას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გავრცელებისა და გავლენის რისკისგან, ასევე საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საჯარო ინტერესის დაცულობას. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების, საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობისა და საჯარო ფუნქციის განხორციელებისას სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ. პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა, ერთი მხრივ, შეზღუდვის ინტენსივობა და მისი გავლენა პირის თვითრეალიზაციასა და პროფესიულ საქმიანობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ის ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესები, რომელთა დაცვასაც ემსახურება გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული დანაწესი. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ღონისძიებები ვრცელდება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დაკავშირებულია მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობასთან და მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია შემზღუდველი ღონისძიებების მოქმედება აისახება სოციალური ცხოვრების არაერთ ასპექტზე, თუმცა მიიჩნია, რომ ისინი მიმართულია მაღალი რისკის მქონე სფეროების რეგულირებისკენ, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დამატებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უფლებების ჩამორთმევა არის დროებითი ხასიათის ღონისძიება, მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული ვადით და არ იწვევს უფლებების საბოლოო ჩამორთმევას, რაც ამცირებს შეზღუდვის ინტენსივობას. რაც შეეხება მათ სავალდებულო გამოყენებას, ის გამართლებულია იმით, რომ უზრუნველყოფს ერთგვაროვან სამართლებრივ რეაგირებას და ზრდის ინდივიდთა უფლებებისა და საჯარო წესრიგის დაცვის ეფექტიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მაშინ, როდესაც პირის ქცევა ქმნის რეალურ და აშკარა რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი სფეროს რეგულირების დროს, ეძლევა მიხედულების/დისკრეციის უფრო ფართო ფარგლები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, სადავო ნორმების საფუძველზე უფლებების სავალდებულო წესით ჩამორთმევა, არ წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სანქციას. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1(1) პუნქტის პირველი წინადადების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს. გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების: გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი. დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1(1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს