NMG-სა (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) და კოლეჯ „სპექტრს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროფესიული კოლეჯის სტუდენტები NMG-ის საწარმოებში პრაქტიკას გაივლიან. პარტნიორობა ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გარემოში გამოცდილების მიღებისა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს.
კოლეჯ „სპექტრის" დირექტორი, მათე ტაკიძე თანამშრომლობის მთავარ მიზნად პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას ასახელებს.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოსთან პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ. კოლეჯის ორი სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები პრაქტიკას კომპანიის მრავალფეროვან საწარმოო ბაზებზე გაივლიან. ეს იქნება ცოცხალი პროცესი, სადაც ისინი პროფესიას პრაქტიკაში დაეუფლებიან. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ NMG სტუდენტებისთვის სოლიდურ სტიპენდიებს აწესებს. ეს უდიდესი მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის, აირჩიონ პროფესიული განათლება, იყვნენ წარმატებულები. ბიზნესის ასეთი ჩართულობა კი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის პირდაპირი გარანტიაა," - აცხადებს კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი, მათე ტაკიძე.
ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე, დავით ურუშაძე განმარტავს, რომ NMG-სთვის კვალიფიციური კადრების მომზადება სტრატეგიული პრიორიტეტია.

„ბაზარზე, ჩვენს სფეროში, კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტების დეფიციტი რეალური პრობლემაა, განსაკუთრებით ელექტრიკოსებისა და გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების სპეციალისტების კუთხით. კოლეჯ „სპექტრთან" თანამშრომლობა სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხია. სტუდენტებს ჩვენს კომპანიებში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ და დასაქმების პერსპექტივასაც შევთავაზებთ,"- აცხადებს დავით ურუშაძე.
ინიციატივას მხარს უჭერენ NMG-ში შემავალი კომპანიები. ხორცპროდუქტების მწარმოებელ შპს „ნიკორასა" და რძის პროდუქტების საწარმოს, „ჩვენი ფერმერის" წარმომადგენლები პროექტს პოზიტიურად აფასებენ. მათი ხელმძღვანელების თქმით, ახალგაზრდები უშუალოდ ნახავენ, როგორ მუშაობს წარმოება და ამავდროულად პროფესიულად გაიზრდებიან, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
საწყის ეტაპზე პრაქტიკას ოთხი სტუდენტი მოქნილი სამუშაო გრაფიკით გაივლის. მათთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება, სტიპენდია და უფასო კვება. სტუდენტები აცხადებენ, რომ თეორიული და ლაბორატორიული მომზადების შემდეგ პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. NMG-ში კი დასძენენ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ დღეს NMG 15-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის: შპს „ნიკორა" და შპს „კორიდა" (ხორცპროდუქტების წარმოება), სს „ნიკორა ტრეიდი" (სუპერმარკეტების ქსელი), შპს „პარტნიორი" (სადისტრიბუციო კომპანია), შპს „ინტრეიდი", შპს „მულტიტრეიდი" (იმპორტი) და სხვა.