გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებით, ევროკავშირმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღოს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირის ფარგლებში ერთსულოვნების პრინციპი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებს.
მისი თქმით, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღება უნგრეთის ვეტოების დაძლევას შესაძლებელს გახდის.
„ეს, უნგრეთისგან დამოუკიდებლადაც, ევროპის ეფექტიანობის ფუნდამენტური საკითხია. მე ევროკავშირის ფარგლებში კვალიფიციური სისტემის მოქმედებას მხარს ვუჭერ. უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასთან და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული გამოცდილება ამის სასარგებლოდ მეტყველებს. იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქმედითუნარიანი აქტორები ვიყოთ, მიმდინარე საკანონმდებლო ვადის ბოლომდე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპი უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.