პროკურატურამ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით ქრთამის სანაცვლოდ, ყალბი სამედიცინო დასკვნის გაცემის ფაქტზე სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურამ, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსმა, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის სახით აღებული 3000 ლარის სანაცვლოდ, ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, წვევამდელ პირზე ისეთი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რამაც ამ უკანასკნელის სამხედრო ვალდებულების 3 წლით გადავადება განაპირობა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.